კოალიცია „ქართული ოცნება“ აბსრუდულს უწოდებს ჟურნალისტ ვახო სანაიას „რეპორტაჟს“, რომელიც ხელისუფლებაში ნეპოტიზმის შემთხვევებს ეხებოდა.
ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი ინფორმაციით, სიუჟეტი "ცდომილებებზე იყო აგებული".
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან იმატა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებისა და მისი ლიდერების მიმართ ყოველგვარ საფუძველსმოკლებულმა ცილისმწამებლურმა ბრალდებებმა. ამის ცალსახა დადასტურებაა ვახო სანაიას გადაცემა „რეპორტაჟში“ გასული სიუჟეტი ნეპოტიზმის შესახებ, რომლითაც ჩვენი პარტიის და კოალიციის წევრები დადანაშაულებულები იყვნენ ნათესავებისა და მეგობრების დასაქმებაში. სიუჟეტი იმდენად აბსურდული იყო, რომ საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი ლექსო თამაზაშვილიც კი ნეპოტიზმის შედეგად დასაქმებულად მოიხსენიეს.
აღსანიშნავია, რომ სიუჟეტი ფაქტობრივ ცდომილებებზე იყო აგებული. თანამდებობის პირად მოხსენიებული ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ მუშაობს საჯარო სექტორში, გარკვეული ნაწილი კი, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დაუბრუნდა საკუთარ პროფესიას.
„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ, 13 000-მდე ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის პარალელურად წამოწყებული მიზანმიმართული კამპანია, გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და ტელემაყურებლი შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ტელეკომპანია „მაესტრო“ ჩადგება იმ მედია საშუალებების რიგში, რომლებიც მათ ხელთ არსებულ ტრიბუნას, არაობიექტური ინფორმაციის ტირაჟირებისთვის იყენებენ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, კონკრეტულ თემაზე მუშაობისას, ამომწურავად შეისწავლონ თითოეული საკითხი და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






