რაც შეეხება წყაროს დასახელებას, ბესელია მიიჩნევს, რომ ლეგალური და არალეგალური წყაროს ერთმანეთისგან გამიჯვნა უნდა მოხდეს.
"როცა საქმე უკანონო ჩანაწერის გავრცელებას ეხება, ამ შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკულად დამნაშავეს ვაფარებთ ხელს. ჟურნალისტური გამოძიება და უკანონო ჩანაწერების მოპოვება კი, ეს ერთი და იგივე არ არის", - აღნიშნა დეპუტატმა.
სასტუმრო "ქორთიად მარიოტში" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე საბჭო სხვა საკითხებთან ერთად ფარული მოსმენების საკითხზეც მსჯელობს. საბჭო განიხილავს უკანონო ჩანაწერების განხორციელების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს და ცდილობს განსაზღვროს სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის. ასევე მსჯელობის კონკრეტული საკითხია, უნდა გავრცელდეს თუ არა მედიაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მის მიერ უკანონო ჩანაწერის გავრცელების შემთხვევაში.
'"სად ვხედავთ ჩვენ საფრთხეს? სამოქალაქო ურთიერთობასა და სისხლის სამართლის საკანონმდებლო სივრცეს შორის კანონმდებელი ზღვარს ავლებს და იურისტები, ვინც სისხლის სამართალში მუშაობენ, დამეთანხმებიან, რომ ძალიან სახიფათოა, როცა იწყება ამ ორი სივრცის აღრევა. ეს არის გამიჯნული სივრცე და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში კანონმდებელი გამოყოფს იმ დაცულ სიკეთეს, რომლის დარღვევა სცილდება სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და გადადის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. ესაა სამი ასეთი დაცული სიკეთე - პირადი ცხოვრება, ოჯახური საიდუმლოება და კერძო კომუნიკაცია. როცა ირღვევა ეს კონსტიტუციური უფლება და უკანონოდ ხდება მასში ჩარევა, ამ შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლები ამბობს, რომ ესაა დანაშაული",- აღნიშნა ბესელიამ.
მისივე განცხადებით, ასევე სისხლის სამართლის პრინციპია ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
"შესაბამისად, სახიფათოდ მომეჩვენა ცალკეული შეფასებები, როცა ითქვა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გავრცელდეს მედიაზე. აპრიორი ამის თქმა არ შეიძლება. ვინც არღვევს შესაბამის სტანდარტებს, პასუხისმგებლობა ყველაზე ვრცელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მედიის თავისუფლება და სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ამას და ძალიან სახიფათოა მის საქმიანობაში ჩარევა, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე ძალიან სახიფათო მგონია იმის თქმა, რომ მედიას აქვს აბსოლუტური თავისუფლება და შეუძლია ყველაფერი გაავრცელოს, რასთანაც ხელი მიუწვდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






