სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში, რამდენიმე კვირის წინ ბუნტი იწყებოდა და დარბაისელს ჰქონდა გადაწყვეტილი სისხლიანად ჩაეხშო ის, როგორც მოხდა 2006 წელს - ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, მან დიმიტრი დარბაისელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.
ლალი მოროშკინა მზად არის მხოლოდ სამი თვით ჩაიბაროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა, რათა სიტუაცია დალაგდეს.
მოროშკინას თქმით, სწორედ დარბაისელს უკავშირდება ვანო მერაბიშვილის ციხიდან სავარაუდო გაყვანა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ, მე-17 დაწესებულებაში დარბაისელის მხრიდან მცდელობა ჰქონდა ჯარის შეყვანას, რითაც ბუნტის დაწყების ჩახშობა სურდა, რისი საშუალებაც მინისტრმა არ მისცა.
"სამწუხაროდ, დღეს, დეპარტამენტის კადრებში შემოვიდნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული წევრები, შემსრულებლები და ზონდერები. ეს იყო სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" გათვლა და პრაქტიკულად, ისინი მართავენ დღეს ციხეებს. სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში, რამდენიმე კვირის წინ ბუნტი იწყებოდა და დარბაისელს ჰქონდა გადაწყვეტილი სისხლიანად ჩაეხშო ის, როგორც მოხდა 2006 წელს. ამით, ის და "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში გადატრიალების დაწყებას სწორედ ციხიდან გეგმავდნენ", - აღნიშნა მოროშკინამ.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, მოროშკინა ვარაუდობს, რომ ეს მოხდა.
"ვვარაუდობ, რომ იყო ასეთი პრეცედენტი, ოღონდ ისევ ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებით. ამით "ნაციონალურ მოძრაობას" მიეცა საბაბი ეყვირა, ეხმაურა და მომხდარიყო ის, რაც მოხდა. დარბაისელი ასრულებს "ნაციონალური მოძრაობის" დავალებებს", - აღნიშნა მოროშკინამ.
მასალის გამოყენების პირობები






