საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია საია-ს მიერ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პირველ შუალედურ ანგარიშზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება ისეთი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად, სადაც ყველა კონკურენტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა.
"ჩვენ გვქონდა ვითარება, როცა ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის ტოტალურად გამოყენება, ხდებოდა ადმინისტრაციული დაპატიმრებები, ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების ფაქტებს, რაც, ალბათ, 100 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე დღეს. იდეალური გარემო, ბუნებრივია, ვერ არის, მაგრამ დინამიკაში ვხედავთ, რომ შედარება არ შეიძლება საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდთან - მასთან შედარებით პროცესი პროგრესულია. ძალიან კარგია, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამაზეც ალბათ გაკეთდება შესაბამისი რეაგირება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შექმნას გარემო, სადაც ყველა კონკურენტს ექნება თანაბარი შესაძლებლობა. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველას ვაძლევთ საშუალებას მაქსიმალურად სრულყოფილად წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები"', - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






