გეოლოგი ტარიელ ბერიძე დარიალის ხეობაში სტიქიის მიზეზად გლობალურ დათბობას ასახელებს, რომელმაც მყინვარწვერს პრობლემები შეუქმნა.
"მე ადგილზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდმივად ვეცნობი ინფორმაციას და უნდა გითხრათ, რომ ჰესთან და რაიმე მშენებლობასთან ამას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ცალსახაა, რომ ცუდ მდგომარეობაშია მყინვარი გლობალური დათბობის გამო, დანაწევრებულია და ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია. გლობალური დათბობა, როგორც ჩანს, უამრავ პრობლემას გააჩენს. ამას ამბობდნენ 40 წლის უკან, მაგრამ ბევრს არ სჯეროდა", - განაცხადა ბერიძემ.
იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს, თუმცა უფრო მცირე მასშტაბის ეკოლოგიურ კატასტროფას ყაზბეგში 2007 წელსაც ჰქონდა ადგილი, რამდენად პროგნოზირებადი იყო მომხდარი და შესაძლებელი იყო თუ არა პრევენციული ღონისძიებების გატარება, ტარიელ ბერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პირობებში ასეთი პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი არ არის.
"მყინვარწვერი ერთ-ერთი გრანდიოზული ვულკანური პოლუსია, ევროპაში სხვა არც არის. ამის პროგნოზს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოები, კოსმოსიდან, თანამგზავრებიდან დაკვირვება და ა.შ. ასე რომ, ჩვენს პირობებში, მე ვფიქრობ, ეს პროგნოზირებადი არ არის", - დასძინა ტარიელ ბერიძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტების შეფასებით, სტიქია 5047 მეტრი სიმაღლის მწვერვალის - მყინვარწვერის ჩრილო-აღმოსავლეთ კალთაზე განლაგებული დევდორაკის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის შედეგია. ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად მიწის უზარმაზარი მასა ჩამოიშალა, რასაც მდინარე თერგისა და სამხედრო გზის ჩაკეტვა მოჰყვა. მყინვარის ფენების მოძრაობის შედეგად ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა 2002 და 2007 წლებშიც.
წყარო: ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები






