პრემიერ-მინისტრი რუსეთის მხარეს ტექნიკის და აღჭურვილობის შემოთავაზებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პრემიერი ხეობაში სტიქიის შედეგად უკრაინის მოქალაქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ სტიქია არ განმეორდეს.
„დარიალის ხეობაში მესამე დღეა ვებრძვით სტიქიას. სტიქიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაკარგულად ითვლება - შვიდი. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამსახურებმა დროული დახმარება აღმოუჩინეს უკრაინის მოქალაქეს და ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა უკრაინელი მოქალაქის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს.
ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი. ჩვენი სამსახურები თავდაუზოგავად მუშაობენ და განაგრძობენ სამაშველო და ყველა სხვა აუცილებელ ოპერაციებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ!
ასევე, მადლობას ვუხდით რუსეთის მხარეს ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით დახმარების შემოთავაზებისთვის. შექმნილ რთულ ვითარებაში მათ ოპერატიულად გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ვითარება, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ვინც ამ დახმარებას საჭიროებს“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






