განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძეს გია შარვაშიძე შეცვლის.
ამის შესახებ გაზეთი "პრაიმტაიმი" წერს. გამოცემის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განხორციელდება.
"განათლების მინისტრის პოსტზე განიხილება თამარ სანიკიძის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, რომელიც ღიად არა, მაგრამ პირად საუბრებში ადასტურებს, რომ შესაძლოა, მალე მინისტრის პოსტი ჩაიბაროს. შარვაშიძე ამ სისტემაში ჯერ კიდევ 1998 წლიდან საქმიანობს. ის გახლდათ ალექსანდრე კარტოზიას პირველი მოადგილეც. პარალელურად ის ბიზნესსაქმიანობასაც ეწევა. გიორგი შარვაშიძე გახლავთ კომპანია "შატო მარანის" ერთ-ერთი პარტნიორი", - წერს გამოცემა.
ასევე "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შეიცვლება კულტურის მინისტრი.
როგორც გამოცემა წერს გურამ ოდიშარიას სავარაუდოდ მანანა ბერიკაშვილი ან დავით მაღრაძე შეცვლიან.
"ვინ დაიკავებს კულტურის მინისტრის პოსტს? ამას ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, თუმცა არ არის გამორიცხული, ამ თანამდებობაზე მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილმა გადმოინაცვლოს. ასევე, ამბობენ იმასაც, რომ ამ თანამდებობაზე შეთავაზება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო მწერალმა დავით მაღრაძემ.
და ბოლოს, დიდი ალბათობით თანამდებობასთან გამომშვიდობება მოუწევს ფინანსთა მინისტრსაც, რომელიც ბოლო პერიოდში იმდენად ოდიოზურ ფიგურად იქცა, რომ სატელევიზიო ეთერსაც კი მაქსიმალურად ჩამოაშორეს. გარღვეულ ბიუჯეტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნოდარ ხადურის სმა-ჭამა იქცა თითქმის ყველა იუმორისტული გადაცემის შთაგონების წყაროდ. 50 პორცია ღორის მწვადი, 23 წიწილა ტაბაკა, 300-ლარიანი ციკანი თონეში – ეს არის არასრული მენიუ, რომლითაც ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურ დელეგაციას ერთ კონკრეტულ რესტორანში გაუმასპინძლდა და ბიუჯეტს ეს ვახშამი 7 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. თუმცა ეს არ არის გამონაკლისი. ხადურის უწყების მიერ შეკვეთილი მენიუები პრესაში რამდენჯერმე მოხვდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ უწყებამ "პრევენციის" მიზნით, დაგეგმილი მოლხენის ხარჯთაღრიცხვა თავადვე პრესრელიზის სახით გაავრცელა", - წერს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები






