პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.
ზუგდიდში სამეგრელოს გამგებლობის კანდიდატების წარდგენისას ღარიბაშვილმა ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მმართველობა შეახსენა და აღნიშნა, რომ „მათი რეჟიმის მთელი სისასტიკე სწორედ ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად“.
“ყველამ ნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ბიჭებს, კაცებს. ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა “ნაციონალურმა მოძრაობამ”! ეს იყო მთელი ერის შეურაცხყოფა, მაგრამ მათი აღარავის სჯერა, ისინი ვეღარ მოატყუებენ ხალხს! ხალხმა თავად განსაჯოს, დაეჯერება თუ არა ასეთ პოლიტიკურ ძალას. მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ის, ვინც უნდა და მხარი დაუჭიროს იმას, ვისაც უნდა, მაგრამ მაინც გავიხსენებ, როდესაც დაგებულ გზებზე, შეღებილ ფასადებზე და აშენებულ სასტუმროებზე ლაპარაკობენ, გაიხსენონ რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი. ადამიანის ხარჯზე! ადამიანის ღირსების ხარჯზე! გეკითხებით ხალხო, რამდენჯერ მოგეცათ ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენების საშუალება? რომელ თქვენგანს ჰქონდა საშუალება იმ კონცერტებზე დასწრების, რომლებშიც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მილიონებს იხდიდა?”, - განაცხადა ღარიბაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






