სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ „პირველის პრესკლუბში“ სხვადასხვა დროს გამართული აქციების დარბევის ამსახველი ვიდეომასალა წარმოადგინა.
როგორც მოროშკინამ განაცხადა, როდესაც დეკემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დიმიტრი დარბაისელი დაინიშნა, მან მოროშიკინას უთხრა, რომ სამსახურში ნუ ივლიდა და ხელფასს სახლში მიუტანდნენ. მისივე თქმით, დარბაისელი შსს-დან გაგდებული იყო წამლის მოხმარებისა და დიდი ოდენობის ქრთამის აღების გამო, იგი ფანჯრიდან გადახტა და მიემალა გამოძიებას, თუმცა შემდეგ მოახერხა და სისტემას კვლავ დაუბრუნდა.
მისივე თქმით, იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც საკმაოდ მაღალი პრემიები მიიღეს, ერთ-ერთია გიორგი ყავლაშვილი, რომელსაც ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის საფუძველზე ჰქონდა წაყენებული, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს და ეს ბიძინა ივანიშვილის ქონება იყო, თუმცა პროკურატურამ მისი ბრალის განრიდება მოახდინა. ამ საქმეში ჩართული იყო პროკურორი თამარ მესაბიშვილი, რომელიც თავის მხრივ, დარბაისელის მოადგილის სიმონიკა მაჩაიძის მეუღლეა.
ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ 2009 წლის 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან ადამიანების დარბევაში მონაწილეობდა ჯაბა მაღლაფერიძე, რომელიც დღეს უსაფრთხოების სამმართველოს უფროსია. სწორედ მისი ხელმოწერით გადაიყვანეს გეგუთის ციხეში 3 პატიმარი, რომლებმაც გიგა ფარტენაძე მოკლეს. გარდა ამისა, ჯაბა მაღლაფერიძის ძმა უჩა მაღლაფერიძე, რომელიც მონიტორინგის დარგში სამმართველოს უფროსია, 2007 წლის 7 ნოემბერის აქციის დარბევის კადრებში ჩანს. 2011 წლის 26 მაისის აქციის კადრებში კი სიმონიკა მაჩაიძეა დაფიქსირებული.
“2 მაღალჩინოსნის გათავისუფლება არასაკმარისია. ვითხოვ, რომ დარბაისელი, რომელმაც სისტემა ზონდერებით გაავსო, მისივე მოყვანილი ზონდერებით თანამდებობიდან იქნას გათავისუფლებული. ვფიქრობ, რომ ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მაშინ ამ პროცესებში, გვერდში დამიდგებიან. ადამიანების იდენტიფიკაცია მოახდინა ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ. ეს ადამიანები მხილებულები არიან სხვისი მანქანების და ქონების მიტაცებაში. ასევე “ქართული ოცნების” სარჩევნო კამპანიის ჩაშლაში. ისინი უბნებზე ფიქსირდებიან, როგორც ზონდერები.
მესმის მინისტრის წუხილი, რომელმაც არ იცოდა ამხელა პრემიების შესახებ და ვფიქრობ, რომ ნამდვილად მძიმეა მისი ხვედრი, როგორც მინისტრის, რომელსაც ამაზე პასუხისგება უწევს, მაგრამ ამბიციები უკან უნდა დავწიოთ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ. 2 მილიონ ნახევრზე მეტია ბიუჯეტიდან გახარჯული, მაშინ როდესაც ჩვენ სასჯელაღსრულების სისტემა სოციალური დაზღვევებით ვერ ვუზრუნველყავით”, - განაცხადა მოროშკინამ.
მასალის გამოყენების პირობები






