"ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე „ევრზიული კავშირის“ წარმომადგენლის შოთა აფხაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. კილაძე აფხაიძეს მოუწოდებს გაასაჯაროოს მტკიცებულება, რომელიც მისი და თამარ ჩერგოლეიშვილის თანამშრომლობას დაადასტურებს. კილაძე მიიჩნევს, რომ აფხაიძის განცხადება „ქრონიკა +“-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს უკავშირდება.
„ორი დღის განმავლობაში ის ცდილობდა ჩემთან კონტაქტზე გამოსვლას, მათ შორის დაურეკა "ქრონიკა +"-ის ჟურნალისტს და სთხოვა ინტერვიუს ჩაწერა, შემომითვალა, რომ აპირებს უჩივლოს გიორგი ჩხარტიშვილს და არა გაზეთს. შოთა აფხაიძემ ჩემგან მიიღო კატეგორიული უარი. რუსული სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტების არც ინტერვიუ და არც კომენტარი ჩემს გამოცემაში არასოდეს დაიბეჭდება.
შოთა აფხაიძემ ჯერ არ იცის რომ "ქრონიკა +"-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო გამოძიება უკვე დაიწყო, ჩვენ გამოძიებას გადავეცით მიმოწერის ასლები, მათ შორის, მიმოწერა ასტანიდან, სადაც უნდა გაეყვანათ გეი აღლუმის ორგანიზატორი გიორგი ჩხარტიშვილი და იმ პირის ტელეფონის ნომერი, ვინც მას ასტანაში უნდა დახვედროდა.
ჩვენ ვიცით, იმ პიროვნების ვინაობა, რომელმაც გიორგი ჩხარტიშვილს ცირკთან მიაკითხა, არა მარტო ვიცით, არამედ გადაღებული გვაქვს შავი ჯიპი. გამომდინარე აქედან, რუსული სპეცსამსახურების და მისი აგენტის აგრესია სავსებით გასაგებია. მათ 17 მაისს საქართველოში დაგეგმილი არეულობა ჩაეშალათ. თუ შოთა აფხაიძეს ხელთ აქვს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ჩემი და თამარ ჩერგოლეიშვილის კავშირს დაადასტურებს, მოვუწოდებ მას დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს.
ჩემის მხრივ, ყურადღებით დავაკვირდები გამოძიების მსვლელობას, თუ ამ საქმეზე ლოგიკური შედეგი არ დადგა, ანუ არ იქნა განეიტრალებული რუსული სპეცსამსახურების ქსელი, უფლებას ვიტოვებ შოთა აფხაიძის მფარველად დავასახელო ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,რადგან შოთა აფხაიძე მისი მეუღლის თანაკურსელია“, - წერს კილაძე „ფეისბუქზე“.
„ევრაზიული კავშირის“ წარმომადგენელმა "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძეს „ტაბულას“ რედაქტორისგან თამარ ჩერგოლეიშვილისგან 27 ათასი ლარის მიღებაში დაადანაშაულა. აფხაიძის თქმით, კილაძე მათი ორგანიზაციის მისამართით მიზანმიმართულ კამპანიას თამარ ჩერგოლეიშვილის დაკვეთით აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები






