სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა სამინისტროს დეპარტამენტის უფროს დიმიტრი დარბაისელს გაცემული პრემიების გამო “პასუხი მკაცრად მოსთხოვა”. ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, მისთვის “აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები”.
„ზოგადად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი საქვეუწყებო დაწესებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დამოუკიდებელი ბიუჯეტი აქვს, თავისი საბიუჯეტო კოდი და დეპარტამენტის თავმჯდომარე პირადად გასცემს ამ პრემიებს. ზოგადად, გაუმართლებელია ჩემთან შეთანხმების გარეშე პრემიების გაცემა, რასაც შიდა რეგულაციები ითვალისწინებს კიდეც. შეთანხმება რომც არ სჭირდებოდეს, ეს მაინც ყოვლად გაუმართლებელია“,– განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე „მკაცრი რეაგირება ჰქონდა“.
„დარბაისელის მოტივაცია იყო ის, რომ წლის ბოლოა და თანხაა დარჩენილი, რისი განაწილებაც შეიძლება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა სტრუქტურაშიც მუშაობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, თუმცა ამის გამართლებას ვერც მე და ვერც მთავრობის წევრები ვერ ხედავენ იქედან გამომდინარე, რომ ეს გუნდი დეპარტამენტში თვენახევრის მოსული იყო. ამ ეტაპზე მკაცრი გაფრთხილების გარდა, სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული“,– განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






