პრემიერ-მინისტრმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სტუდენტებს განათლების ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განათლების ცენტრში მისაღები სტუდენტების შერჩევა გამჭირვალედ და სამართლიანად მოხდება, ყოველგვარი პრივილეგიების გარეშე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტების განხორციელების შედეგად ქვეყანას თვისებრივად ახალი ტიპის სპეციალისტები ეყოლება.
“ძალიან მიხარია, რომ ჩემმა ინიციატივამ ასეთი დიდი დაინტერესება გამოიწვია. მიხარია, რომ ამდენ მონდომებულ ახალგაზრდას ვხედავ. ახლა მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ, რატომ გადავწყვიტეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნა, რას ვისახავდით მიზნად, როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით და რა სარგებელს მოუტანს თქვენი მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქვეყანას.
ჩვენ გვესმის, რამდენად პერსპექტიულია სახელმწიფო, რომელსაც განათლებული და პროგრესული ახალგაზრდობა ჰყავს. თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ განათლებული და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი ადამიანები აღწევენ წარმატებას. სახელმწიფომ კი ასეთი ადამიანების რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
სწორედ ეს იყო ჩემი ინციატივის მიზანი და ამისთვის შევქმენით განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც განსხვავებული მიდგომით ახორციელებს სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებას. პირველ რიგში, შევარჩიეთ ის დარგები, რომელთა განვითარებაც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და განვსაზღვრეთ პრიორიტეტები, რომლის დაფინანსებასაც ვაპირებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, განათლების ცენტრი ორიენტირებულია სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც სახელმწიფო დახმარების გარეშე უცხოეთის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა არ ექნებოდათ.
„მთავარი სიახლე, რაც ჩაიდო ცენტრის კონცეფციაში გახლავთ ის, რომ სტუდენტები დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დასაქმდებიან და თავით ცოდნას ჩვენს ქვეყანას მოახმარენ. გარდა ამისა, განათლების ცენტრი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრებას, არამედ ადგილზე სხვადასხვა სასწავლო სემინარისა და კურსების მოწყობას, რომელსაც გაუძღვებიან უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები. ამ პროექტების განხორციელების შედეგად ქვეყანას ეყოლება თვისებრივად ახალი ტიპის სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სახელმწიფოს მშენებლობას მოახმარენ.
მართალია, ეს არ ეხება ამ პროექტს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებზე ვიზრუნეთ და მათთვის დაგეგმილი გვაქვს სტუდენტური საცხოვრებლის აშენება, რომელიც მრავალი წელი არ არსებობდა.
ჩვენ ქვეყანაში არცერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მისი შვილი განათლების გარეშე დარჩება. რაც უფრო მეტი განათლებული და წელგამართული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად შეძლებს საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.
ჩვენ 5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებსაც, სამშობლოში დაბრუნებულებს, 3 წლის განმავლობაში გარანტირებულად ექნებათ სამუშაო ადგილი სახელმწიფო დაწესებულებებში. ამით მოხდება ძველი და ახალი თაობის გამოცდილების სინთეზი, რაც წაადგება ყველას და საბოლოოდ სახელმწიფოს.
მინდა გითხრათ, რომ უკვე იწყება აქტიური მოლაპარაკებები უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამის საელჩოებთან და ველით სასურველ შედეგებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას აქვს დიდი მომავალი. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად, აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს”, - განაცხადა პრემიერმა.მასალის გამოყენების პირობები






