საქართველოს სახალხო დამცველი დღეს საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს , რომ მის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლის თებერვლიდან სწავლობს.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში, საიხან მუზაევის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი წერილი გააგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურაში.
2014 წლის 6 მაისს საიხან მუზაევის მიმოსვლის თავისუფლების სავარაუდო ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო დამცველის არც ერთ მიმართვაზე დღემდე პასუხი არ გაუცია.
2014 წლის 6 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორსაც, საიხან მუზაევის მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლასა თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რადგან მიუხედავად საიხან მუზაევის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადებისა, დღემდე გამოძიება დაწყებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






