პარლამენტში მორიგი დებატების მიზეზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივა გახდა, უმცირესობა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
პარალელურად კანონმდებლებმა, რამდენიმე კომიტეტში უკვე განიხილეს ინიციატივა ცვლილებების შესახებ.
სერგო რატიანი: „თქვენი მხრიდან ბევრი აფარებს ხელს და ბევრი იცავს დღეს მთავრობას, მათ შორის საკმაოდ ნიჭიერი ადამიანები, როგორიც არის ქალბატონი ეკა ბესელია, მაგრამ მე არ მინახავს ქალბატონი ეკა ასეთ უსუსურ მდგომარეობაში, როგორიც არის იმ დროს, როცა იცავს ამას. ელოდებიან რას იტყვის დავით უსუფაშვილი, რა შეუძლია თქვას, ის იტყვის, რომ ეს არ მომხდარა და პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს?“
ეკა ბესელია: „ასეთ მდგომარეობაში მაშინაც კი ვერ მნახეს, როცა თქვენმა პოლიტიკურმა ლიდრებმა გადაწყვიტეს ყველაზე აკრძალული მეთოდებით ჩემი დასჯა, მაშინაც, როდესაც მძევლები მყავდა ოჯახის წევრები არ ვყოფილვარ უსუსურ მდგომარეობაში. ბოლო ორმა წელმა, რომ დაგანახათ, თურმე, რა საშინელება ხდება ქვეყანაში, იმ წლებმა არ დაგანახათ რა პერიოდშიც 26 ათასი ფაილი იქმნებოდა? როგორ იწერდით სასულიერო პირებს, საკუთარ კოლეგებს საძინებელ ოთახებში, ასევე თანამდებობის პირებს, მინისტრებს, ჟურნალისტებს, ამით შემდეგ ერთმანეთს ატერორებდით. ეს მე მგონი არ უნდა ენახა საზოგადოებას, მაგრამ ხანდახან იმიტომ, რომ ასე ურცხვად არ ისმოდეს განცხადებები, შეიძლება სჯობდა კიდეც. ნუ წიკვინებთ ქალბატონო თინა, დაიოკეთ ნერვები და როცა გამოხვალთ იქ ილაპარაკეთ“
თინათინ ბოკუჩავა: „ძალიან გთხოვთ დემაგოგიას მოვეშვათ და ამის ავტორი ძალიან ხშირად არის ხოლმე ქალბატონი ეკა ბესელია, გამოიძია დღეს რამე პროკურატურამ? არ გაინტერესებთ თქვენ ის ფაქტი, თუ რეალურად რა მოხდა იმ დღეს, როდესაც ასე გაუსწორდნენ ფიზიკურად ნუგზარ წიკლაურს? გამოიძია პროკურატურამ ის, რასაც თქვენი გუნდის წევრები აბრალებდნენ ჩემს კოლეგას, გიორგი ღვინიაშვილს რაფალიანცის მკვლელობასთან დაკავშირებით?“
გოგა ხაჩიძე: „რაღაც დიდი დამრიგებლური ტონით გვარიგებს რეჟისორი ნუკრი ქანთარია, რომ გკითხოთ ახლა ქალბატონო ეკა მისი დადგმული ერთი სპექტაკლი ან ფილმი გაიხსენეთ-მეთქი, ხომ იცით, რომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით? უნდა შევუერთდე ქალბატონ ეკა ბესელიას და თიკა ნუ წიკვინებ, როცა არ იცი რას ნიშნავს წიკვინი. სხვათაშორის მინდა გითხრათ, ქალბატონო ეკა, ჯერჯერობით რაზეც დადიხართ, რასაც ეხებით, სადაც სხედხართ, რაც ხდება თქვენს გარშემო, იმ ცხრა წელიწადშია გაკეთებული, თითი თითზე ვერ დაადეთ, იმეორებთ თქვენსავით სირაქლემას პოზაში არ დავდგებითო, მეტი რა სირაქლემას პოზაში უნდა დადგეთ? ქვიშაში ამოგითხარეთ ორმო და გაჩვენეთ ფაქტი, მაგრამ არა, გაცემულია უკვე ბრძანება, ამას უწოდა დიდმა ჰაკიმ ფაშამ არასერიოზული და უნდა გაიმეოროთ ყველამ“.
მასალის გამოყენების პირობები






