საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, „საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ვიზიტის ფარგლებში საქართველო–ნატო–ს ურთიერთობებზე კონკრეტული არაფერი თქმულა“.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა.
„თავდაცვის სფეროზე ძალიან ვრცელი საუბარი იყო პრემიერ–მინისტრთან შეხვედრისას და როცა აეროპორტში გვქონდა გასაუბრების საშუალება, ამ თემას შეეხო საფრანგეთის პრეზდენტი. საფრანგეთი უაღრესად მადლობელია საქართველოსი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, აფრიკის რესპუბლიკაში ერთი შენაერთი გააგზავნოს. ეს ოპერაცია მიმდინარეობს ევროკავშირის ეგიდით და საფრანგეთი იქ წამყვანი ძალაა, აქედან გამომდინარე, თავდაცვის თემაზე ვრცელი საუბარი გვქონდა. ამ კონტექსტში საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან მადლობა დავიმსახურეთ და ასევე ძალიან დიდი ქება იყო იმ რეფორმებისთვის, რომელიც გატარდა თავდაცვის სფეროში. ამ კონტექსტში, რა საკვირველია, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული მოლოდინი უელსის სამიტისგან და საქართველო მზად არის ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. კონკრეტული, რა საკვირველია, არაფერი თქმულა, რადგან ვიცით, რომ უელსის სამიტამდე გაგრძელდება კონსულტაციები ნატო–ს წევრ ქვეყნებში იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აისახოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნატო–ს გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ „როგორც ალიანსი, ისე მისი ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანა საფრანგეთი ფიქრობენ, როგორ მოახდინონ საქართველოს მხარდაჭერა“.
მასალის გამოყენების პირობები






