„სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში, ხოლო ეკლესიას უფლება კი არა, ვალდებულება აქვს ჩაერიოს საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში აუცილებელია სახელმწიფო შეიზღუდოს კანონებით.
"ამიტომ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ჩვენ გვჭირდება ძალიან კარგად გააზრება იმისა, რომ ინსტიტუციური სეკულარიზმი, ეკლესიისა და სახელმწიფოს ორგანიზაციული დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მსოფლმხედველობრივ სეკულარიზმს. აუცილებელია იმის გააზრება, რომ მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმიც და ინსტიტუციური სეკულარიზმიც - ეს არის ასიმეტრიული სეკულარიზმი ანუ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში, ხოლო ეკლესიას უფლება კი არა, ვალდებულება აქვს ჩაერიოს საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ცხადია, კანონის და ზნეობის ფარგლებში, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
თუმცა უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივ ეკლესიურ ცხოვრებაში მეტი განათლების შეტანა.
"მოახერხებს სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი არ გასცდეს თავისი ბუნებით შემოსაზღვრულ ფარგლებს, არ იტვირთოს ადამიანების ღმერთთან, ანუ ჭეშმარიტებასთან მიყვანის ფუნქცია, არ წაუცდეს ხელი ეკლესიისადმი მორწმუნეთა ნდობის საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგად კონვერტაციისკენ. დღემდე ხშირად სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი ამას ვერ ვახერხებდით. მოახერხებს ეკლესია და სამღვდელოება? და მე აქ უნდა გავჩერდე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი. ეს ეკლესიის და სამღვდელოების გადასაწყვეტია. რა აქვს მოსახერხებელი, რა არის გასაუმჯობესებელი და გასაკეთებელი. მაგრამ რაც მწამს, არის სწორედ ის, რომ ჩვენ ყველა მოვახერხებთ ამ ყველაფერს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






