საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, ქვეყნის გადარჩენისა და სულიერი განმტკიცების მისიას, ეკლესია და მისი წინამძღოლი მუხლჩაუხრელად ემსახურებიან
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულის ფარგლებში, მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის საზეიმოდ გახსნაზე განაცხადა.
"საქართველოს გადარჩენაში, მის სულიერ განმტკიცებაში სრულიად განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ერის სულიერების დასაყრდენი. ამ მისიას დღესაც მუხლჩაუხრელად ემსახურება ჩვენი ეკლესია და მისი წინამძღოლი, ერის სულიერი მამა, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, რისთვისაც მადლობა მინდა მოგახსენოთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენ აერთიანებთ ჩვენს ერს საკაცობრიო მარადიული ღირებულებების ირგვლივ, რამაც ჩვენი სამშობლო დღემდე მოიყვანა და ეს ღირებულებები იქნება საქართველოს გაძლიერებისა და გამთლიანების საწინდარი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ქართველ ერში ძალიან მტკიცეა ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია.
"ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ვესწრები დღევანდელ სიმპოზიუმს, რომელიც ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიციებს ეძღვნება. ძალიან მტკიცეა ჩვენს ერში ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია და ამიტომაც სიმბოლურია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი სამეცნიერო სიმპოზიუმი სწორედ საქართველოში იმართება", - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილი განცხადებით, საქართველოს მთელი ისტორია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და ქრისტიანულ კულტურაზე დგას.
"მართმადიდებლობა იყო ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვებდა ქართველ ერს, მის სულიერებას. მართმადიდებელ სარწმუნოებას ემყარებოდა ყოველთვის ქართველი კაცის მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი. სიყვარული, მშვიდობიანი თანაარსებობა, შემწყნარებლობა, სათნოება, თანაგრძნობა, – ეს იყო ის ღირებულებები, რაზეც იდგა და რამაც გადაარჩენა მცირერიცხოვანი, მუდმივი მტრის გარემოცვაში მყოფი ჩვენი ერი. სწორედ ამ ღირებულებების ერთგულებამ გახადა საქართველო ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ნაწილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






