პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას საქართველო-რუსეთის ომისა და ტერიტორიების დაკარგვის შესახებ, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ,,ფეისბუქის" გვერდზე შემდეგი სიტყვებით ეხმაურება:
„დასანანია, რომ ახალგაზრდა კაცი მეტ ერთგულებას იჩენს პატრონყმობის სასარგებლოდ, ვიდრე ქვეყნისა და სამშობლოს მიმართ არსებული ვალდებულების წინაშე“.
ნიკა რურუა: „დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა ივანიშვილის მიერ არაერთხელ გახმოვანებული მესიჯი გაიმეორა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლების ბრალია, რომ საქართველოს 2008 წელს რუსეთთან ომი მოუწია. მისი ზუსტი სიტყვებია: "ის, რომ საქართველო ომში ჩათრეული აღმოჩნდა და ჩვენი ტერიტორიები დღეს დროებით დაკარგული და ოკუპირებულია, წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია". არანაირი სიტყვა რუსეთის ბრალზე და განზრახვებზე, რაზეც ორაზროვნება და ბუნდოვანება უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შემდეგ, დღეს უკვე მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოში აღარ არსებობს.
ძალიან დასანანია, რომ ახალგაზრდა კაცი მეტ ერთგულებას იჩენს პატრონყმობის სასარგებლოდ, ვიდრე ქვეყნისა და სამშობლოს მიმართ არსებული ვალდებულების წინაშე.
ქვეყნის წინაშე, მით უმეტეს, თანამდებობით დაკისრებული ვალდებულება ბევრად მეტია, ვიდრე პიროვნული, თუნდაც დამსახურებული, ლოიალობა.
სამშობლო, ანუ საქართველო მარადიული ღირებულებაა. ივანიშვილი და მისი მილიარდები კი დროებითი და წარმავალი. ეს წესით უნდა ესმოდეს ყველა მეტ-ნაკლებად გონიერ ადამიანს.
სამწუხაროდ, ღარიბაშვილი ვერ აცნობიერებს, რომ ამ განცხადებით ის არა წინა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ფუნდამენტურ ინტერესებს აზიანებს. ან აცნობიერებს, და შეგნებულად მიდის ამაზე, იმისათვის, რომ ივანიშვილის გული მოიგოს."
მასალის გამოყენების პირობები






