„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ „მთავრობამ შექმნა ბუნტურიძეები, რომლებიც კოლოსალურ ანაზღაურებას იღებენ“:
"როდესაც ჩვენ დავიანგარიშეთ, გამოვიდა, რომ მხოლოდ მაღალჩინოსნებზე დეკემბრის თვეში მილიონი ლარი გასცეს. აქ საუბარი არ არის რიგით სპეციალისტებზე, მძღოლებზე და ა.შ. თუ ამ სიტუაციას შევაჯამებთ, გამოდის, რომ ჩვენმა მთავრობამ დღეს შექმნა ჩინოვნიკები, რომლებსაც მე პირობითად ბუნტურიძეებს დავარქმევ, რომლებიც კოლოსალურ ანაზღაურებას იღებენ. ერთი ბუნტურიძე ერთი თვის განმავლობაში იღებს 38 000 ლარს. 38 000 ლარის ასაღებად რიგით პენსიონერს სჭირდება 22 წელი, რიგით მასწავლებელს 7 წელი, პრეზიდენტს - 5 თვე", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთი ახალი დეტალი აღმოაჩინა. მათ გადაამოწმეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მიხეილ დარბაისელის და მისი ოთხი მოადგილის დეკლარაცია და ეს მაღალი თანხები არც ერთი მათგანის დეკლარაციაში არ არის ასახული. ნადირაშვილის განცხადებით, მაგალითად, ვლადიმერ ბუნტურიძემ აიღო 38 000 ლარი, ხოლო დეკლარაციაში მითითებული აქვს მთელი წლის განმავლობაში 2 670 ლარი აღებული, გოგი გახარიამ აიღო 39 130 ლარი, დეკლარაციაში კი მითეთებული აქვს 2 125; სიმონ მაჩაიძემ აიღო 34 733 ლარი, დეკლარაციაში კი უწერია - 2 175 ლარი. რაც შეეხება მეოთხეს – შალვა ტორაძეს, ნადირაშვილის განცხადებით, მას 31 000 ლარზე მეტი აქვს მითითებული მთელი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთ თვეში აქვს აღებული 37 000 ლარი. რაც შეეხება მიხეილ დარბაისელს, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მან დეკემბრის თვეში ხელფასის სახით აიღო 18 222 ლარი და დეკლარაციაში საერთოდ 0 აქვს მითითებული ამ გრაფაში.
"ეს ყველაფერი ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ჯგუფურ დანაშაულთან ამ უწყებაში. საქმე გვაქვს ძალიან დიდ კორუფციულ სქემასთან და ჩვენ მოვითხოვთ გაგვცენ პასუხი, რასთან არის დაკავშირებული ასეთი მაღალი ხეფლასების გაცემა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დარბაისელი იყო მისი საკნიდან გაყვანის საქმეში მონაწილე. ამიტომ ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება, რამდენად უკავშირდება მაღალი ხელფასები ამ ფაქტს და იყიდეს თუ არა თანამშრომლების დუმილი", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






