"ნუ ექნება მინისტრს იმედი, რომ ჩვენ დაგვავიწყდება, ის ტყულები, რომელიც მან საჯაროდ საინფორმაციო საშუალებით განაცხადა და ეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგიდან მოიხსნება, მიუხედავად იმისა, რამდენ წერილს გამოაგზავნის, მიუხედავად იმისა, რა გადატვირთულობასაც არ მოიტანს საბაბად, ჩვენ მაინც არ მოვხსნით დღის წერიგიდან და მაინც მოვითხოვთ რომ ბატონი მინისტრი მობრძანდეს და გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი",- განაცხადა პარტიის მთავარ ოფისში გამართული პრესკონფეწრენციის დროს ხათუნა გოგორიშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯოდმარეს დავით უსუფაშვილსაც მიმართავს, რათაც შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის პარლამენტში ვიზიტი უზრუნველყოს.
"ნიუპოსტი" პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ზუსტად ერთი თვეა, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამაოდ ელის შსს-ს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის სტუმრობას. ა.წ. 8 აპრილს ფრაქციამ გამოიყენა თავისი ლეგიტიმური უფლება და მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა ფრაქციის სხდომაზე. მინისტრის დაბარების მიზეზი მისი ინტერვიუ გახდა, სადაც ის ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობდა.
16 აპრილს მინისტრმა წერილობით გვამცნო, რომ „გადატვირთული სამუშაო გრაფიკის“ გამო ვერ ახერხებდა ფრაქციის სხდომაზე დასწრებას და მისთვის მისაღებ დროს დამატებით შეგვატყობინებდა. ამის შემდეგ, სამინისტრის თანამშრომლებთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაციის მიუხედავად, მინისტრის „გადატვირთულ გრაფიკში“ ქვეყნის მთავარ და რეალურ ოპოზიციურ ძალასთან შეხვედრისთვის რამდენიმე საათი ვერა და ვერ გამოინახა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პროტესტს გამოთქვამს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოვლად უპასუხისმგებლო საქციელის გამო. შეგვიძლია პირდაპირ განვაცხადოთ, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის კანონის დარღვევა, მინისტრს აშკარად ეშინია ოპოზიციასთან შეხვედრის. ფაქტია, რომ მან თქვა ბევრი ტყუილი და ვერ დაასახელებს ვერცერთ ფაქტს, რომელიც დაადასტურებდა მის უპასუხისმგებლო ბრალდებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შსს მინისტრს, თუ აქვს რაიმე სიგნალი ქვეყანაში შესაძლო არეულობის შესახებ სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც ასეთი ტიპის საფრთხეებზე შეიძლება და აუცილებელია საუბარი.
კიდევ ერთხელ და კატეგორიულად მოვითხოვთ საზოგადოებისთვის საინტერესო და საჭირბოროტო კითხვებზე პასუხის გასაცემად შსს მინისტრის პარლამენტში მოსვლას.
მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარესაც. იმედს ვიტოვებთ, რომ დავით უსუფაშვილის განცხადებები პროცედურულ დემოკრატიასა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე არ არის ლიტონი სიტყვები და ის მოახერხებს ალექსანდრე ჭიკაიძის პარლამენტში მოყვანას. შესაბამისად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრესტიჟის დაცვას.
ჩვენი მხრივ, დავამატებთ, რომ ჰაკიმ ფაშას ხელის ბიჭს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ჩვენ დროთა განმავლობაში გადაგვავიწყდება ეს თემა და მისი უპასუხისმგებლო, ცრუ განცხადებები. საპარლამენტო უმცირესობა მინისტრის პარლამეტში მოწვევის საკითხს დღის წესრიგიდან არ მოხსნის",- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






