საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ეხმაურება.
მისი თქმით, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა "ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს".
ჭიკაიძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი შს უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამდე მოხდა.
"2012 წლის არჩევნების შემდგომ, როცა სამინისტროში ახალი ხელმძღვანელი მივიდა, ჩვენ აღვრიცხეთ სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებები. აღმოჩნდა, რომ ფარული ხარჯებით შეყიდული იყო რამდენიმე მილიონის ტექნიკა, რომელიც ამ სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის შემოსვლამდე იქნა გატანილი. აღნიშნულზე გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა რადგან ახლა აქტუალური გახდა, მასალები გადაეგზავნა პროკურატურას და მას ამჟამად სწორედ ეს უწყება იძიებს. მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო ხმის მოსმენა ან ვიდეოთვალთვალი სამინისტროდან დაკარგულია. გამოძიებას უნდა დაველოდოთ და წინასწარ საუბარი არასერიოზული იქნება, მაგრამ მაშინ ამ ტექნიკის განკარგვა წინა მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ და დამერწმუნეთ, გამვლელ პირებს არ შეეძლოთ, სამინისტროდან მისი გატანა. ე.ი. გამოდის, რომ ეს ტექნიკა შესაძლოა, იყოს გაშლილი იმ პირებში, რომლებიც ძველი მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
10 მაისს ტელეკომპანიამ პოლიტიკოსების და ბიზნესმენების საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები






