საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ვინ მოიპოვა უკანონო ფარული ჩანაწერები, ვინ შეინახა გარკვეული დროის განმავლობაში, ვინ გაავრცელა და რა მიზნით, ეს არის გამოძიების საქმე. რაც მისივე თქმით, უკვე სცდება იმ ფარგლებს, რასაც ჟურნალისტის პროფესიაში ჩაურევლობა და ჟურნალისტის უფლება ჰქვია არ დაასახელოს წყარო და ა.შ.
კობახიძის განარტებით, უკანონო მოსმენა, მისი შენახვა და გავრცელება დანაშაულს წარმოადგენს, რომელსაც დასჯად ქმედებად აცხადებს მოქმედი კანონმდებლობა და აქ რაიმე დათქმა და გამონაკლისი ჟურნალისტებთან დაკავშირებით არ არის, რაც, მისივე თქმით, ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტიც ჩვეულებრივი სუბიექტი ხდება.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, პირს, თუ მედიასაშუალებას, რომელსაც აქვს ინფორმაცია ვინ განახორციელა ეს ჩანაწერი, ვინ გამოიტანა, რატომ შეინახეს და გაავრცელეს, ამ კითხვებს იმ პირმა უნდა უპასუხოს, ვის დაკითხვასაც პროკურატურა გადაწყვეტს.
"საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ და მოვუწოდებ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ კანონის განმარტებას ნუ მოახდენენ იმგვარად, რაც შეცდომაში შეიყვანს, როგორც ჟურნალისტებს, ისე საზოგადოებას და ნუ წავახალისებთ ჟურნალისტებს იმისთვის, რომ მსგავსი ქმედებებით დაკავდნენ", - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, მისი როგორც იურისტის შეფასებით, "რუსთავი 2-ს" ვალდებულება აქვს დაასახელოს წყარო, რადგან ეს ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება.
"ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დანაშაულის დაფარვა და დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ ინფორმაციის არმიწოდება დასჯადი ქმედებაა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი აცხადებენ, ჟურნალისტს მიღებული ინფორმაციის გასაჯაროების უფლებას ვერავინ აუკრძალავს. ამასთან, მათივე თქმით, ამ სიტუაციაში ჟურნალისტს წყაროს გამხელის ვალდებულება კანონით არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






