ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდა ,,ქართული ოცნების“ ოფისში. მმართველი პარტია ფარული ჩანაწერების მომზადებაში ,,ნაციონალურ მოძრაობას“ სდებს ბრალს. ,,ქართული ოცნების“ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ აგონიური მდგომარეობა 15 ივნისს დასრულდება და ყოფილი მმართველი პარტია საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას.
,,ჩვენი ხელისუფლების მიზანი ძალადობის და ადამიანების დაშანტაჟების დასრულება იყო, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ,,ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლის პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით ბრძოლას და აქვს მცდელობა დააშანტაჟოს მთელი საზოგადოება. ამაში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის მონაწილეობა ამ ტელეკომპანიასაც აკისრებს პასუხისმგებლობას. ერთის მხრივ ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვის და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრიმინაციის მცდელობა, მეორეს მხრივ ისინი ცდილობენ წინასაარჩევნოდ კოალიცია ,,ქართული ოცნებაში“ განხეთქილების შეტანას. მათი ეს აგონიური მდგომარეობა გასაგებია - 15 ივნისს ,,ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას. გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, შს სამინისტროდან გადატნილი და დაკარგულია დიდი რაოდენობით აღურიცხავი პორტატური ტექნიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო პირს მიუწვდება ხელი მსგავსი ჩანაწერების შექმნაზე. ჩვენი შეფასებით ეს არის კარგად დაგეგმილი სცენარების და პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილი, რომელიც სრულიად შეგნებულადაა დაგეგმილი წინასაარჩევნო პერიოდში და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ პასუხი წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე და შიდა რეფორმებზე. დარწმუნებული ვართ, გამოძიება დაინტერესდება ჩანაწერების ავთენტურობით, დაადგენს ვის ხელშია მოსასმენი აპარატურა და ვინ აწარმოებს ფარულ ჩანაწერებს. ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მზადდება კანონპროექტი, რომელიც საბოლოდ დაუსვამს წერტილს უკანონო მოსმენების შესაძლებლობას, რომელსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ და ამ თემით სპეკულირებას ვეღარავინ შეძლებს“, - განაცხადეს ,,ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






