ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ,,რუთავი 2-ის“ საიდუმლო მოსმენებთან და ტელეეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის“ გვერდზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.
ქარდავა ხელისუფლების ქმედებას ,,ასინეთას“ ადარებს და კოალიციის შიგნით უნდობლობაზე მიუთითებს.
,,ვერაფერი გავიგე...
რუსთავი 2-ის საიდუმლო მოსმენებთან დაკავშირებით გასაგებია, რომ დიდი სკანდალი აგორდა. ისიც ნათელია, რომ ეს სკანდალი ჯერ საწყისს ეტაპზეა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ თავისი განვითარების ძალიან ადრეულ ფაზაში იმყოფება, ხოლო გუშინ საღამოს, ჯერ კიდევ, პროკურატურის მიერ გაკეთებულმა საგანგებო განცხადებამ, საიდუმლო ჩანაწერების გასაჯაროების შემთხვევაში სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, ყველას დაანახა, რომ საქმე სერიოზულადაა. ხელისუფლება ცქმუტავს, ნერვიულობს და სიჩქარეში მცდარ გზავნილს, მუქარის ტონით აგზავნის: ,, რაც ჩვენ ვიცით (პროკურატურაში) და თქვენ იცით (რუსთავი 2-ში) არ უნდა გასაჯაროვდეს, თორემ......!",
ეს თორემ მედიას არ აფრთხობს და საპასუხოდ საჯაროს ხდის, რომ:
პირველი - წარსულის მანკიერება კი არ აღმოიფხვრა, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკონტროლო გახდა...
მეორე - პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლა და კანონდარღვევით თვალთვალი მასიური ხასიათისაა...
მესამე - ოპონენტებს ვინ ჩივის, ასინეთასი არ იყოს, შინაურებში რა ხდება ესეც ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და მოვისმინოთ...! ფაქტია, მართველ კოალიციაში დიდი უნდობლობაა, რაც შიდა პრობლემების სიმრავლეს და გარეგნული სიმშვიდის ხელოვნურობაზე მიუთითებს...
აი, ეს ყველაფერი გასაგებიცაა და ძალიან ცუდიც, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოს უმნიშვნელოვანესი სამიტის წინ, ამ ყველაფერმა, საქართველოს იმიჯზე კატასტროფულად ცუდი გავლენა იქონიოს. თუმცა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და იმედია, ქვეყნის შიგნით სკანდალში ჩათრეული ყველა მხარის კეთილგონიერებით, საქმეს აქამდე არ მივიყვანთ.
მაგრამ ,,ვერაფერი გავიგე“, თუ რამდენად დაცულია ქვეყნის უსაფრთხოება მაშინ,
როცა არც მეტი და არც ნაკლები, ინფორმაცია თავისუფლად ჟონავს, ქვეყანაში წესით ყველაზე დაცული უწყებიდან, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო;
როცა გვიცხადებენ, რომ დაიკარგა მოსასმენი ტექნიკა და ახლა, შესაძლოა, უკონტროლოდ მოუსმინოს ვიღაცამ ყველას და დაუსჯელად გამოაქვეყნოს;
როცა დედაქალაქში და მთლიანად ქვეყანაში რუსული დაზვერვის მიერ შექმნილი ე.წ. ,,არასამთავრობოები“ ლეგალურად და ნახევრად ლეგალურად თავისუფლად მოქმედებენ;
როცა მტრის საოკუპაციო არმია დედაქალაქიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია;
,,ვერაფერი გავიგე“, ამ ქვეყანაში, ვინმე რამეზე აგებს პასუხს...?!“, - წერს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






