პრეზიდენტის შესუსტებული უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებებს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას უკავშირებს.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას მთავარსარდლის ნაცვლად, ამიერიდან საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაზღვრა, მობილიზაცია, მართვა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნა და კიდევ რამდენიმე ძირეული ცვლილება რომელსაც კანონპროექტი თავდაცვის შესახებ ითვალისწინებს, პროექტი ბიუროზე უკვე შესულია, თუმცა, იგი დაპირისპირების საგანი განხილვების დაწყებამდე უკვე გახდა.
„ამ სახით, როგორც არის ჩამოყალიბებული ეს კანონპროეტი მხარს არ დავუჭერ, არ დავუჭერ იმიტომ, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის, კონსტიტუციურ მოდელთან, რომელიც საქართველოშია, შეიძლება ვილაპარაკოთ ამ კონსტიტუციური მოდელების ხარვეზებზე, კერძოდ თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროში, კომპეტენციების არასრულყოფილად გამიჯვნას მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, მაგრამ მაშინ, რისთვის შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია? კონსტიტუციის გვერდის ავლით კანონებით ცვლილებების განხორციელება, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა ეს არ არის ნორმალური პრაქტიკა“, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი.
არსებული რედაქციით კანონპროექტის დამტკიცებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეწინააღმდეგებიან.
დღემდე უსაფრთხოების კონცეფციას უშიშროების საბჭო წერდა, თუმცა, ცვლილებებსა და მის აუცილებლობაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში არ მოდის. თუმცა, სადაო საკითხების არსებობას არ უარყოფს:
„პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, რჩება უფლებამოსილება, რომ მან გამოაცხადოს საომარი და საგანგებო მდგომარეობა, ეს უკანასკნელი პრემირმინისტრთან შეთანხმებით, რაც შეეხება უშუალოდ სამობილიზაციო გეგმებს, ამას ამტკიცებს მთავრობა, მისი პასუხისმგებლობა ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე ქვეყნის მართვა, პოლიტიკურ დონეზე პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მთელ რიგ საკითხებს, რომელიც იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, ეს არის მსჯელობის საგანი“, - განმარტავს ირაკლი სესიაშვილი.
მომზადებულია „მოამბეს“ რეპორტაჟის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






