უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ნიკა გვარამიას მუქარას პასუხობს.
"გავიგეთ ნაცების წინასაარჩევნო დაპირება: "ჯოჯოხეთს მოგიწყობთ"..... ერთი გამაგებინეთ, ამხელა პრეტენზია რომ გაქვთ და ჯოჯოხეთის მოწყობას გვპირდებით, მაინტერესებს ტელევიზიის დანიშნულება ჯოჯოხეთის მოწყობაა თუ საზოგადოების სწორი ინფორმირება? და კიდევ ერთი, აცნობიერებთ, რომ დღეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა აღიარეთ, თურმე უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს ფლობთ და ინახავთ და თურმე მათ გამოქვეყნებასაც კი აპირებთ. თავად აღარაფერი გახსოვთ იქნებ, მაგრამ სხვა იურისტი არ გყავთ? სისხლის სამართლის კოდექსს არ იცნობთ? ასეთი ჩანაწერების შენახვა, ფლობა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე ამნისტიის სამთვიანი ვადა კარგა ხანია გასულია. ჩვენს მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ვადაც მალე ამოიწურება და ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს სამართლიანობის აღდგენის პროცესს. გააგრძელებს უკეთესი ტემპით და დაგამშვიდებთ, დიდი წარმატებით"! - წერს სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაზე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას და იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო:
„ხელისუფლებას, პირობას ვაძლევ, მათ შორის პროკურატურაში ვინც კერავს ამ საქმეს, ხელისუფლებაში ახლა ამ საქმეების შეკერვით ვინც არის დაკავებული, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ როგორც ერთი ჩემი მეგობარი შეგპირდათ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ნამდვილად! ყველაფერი გამოაშკარავდება თავის დროზე, ამაზე უარესი ამბები გამოაშკარავებულა. მე ამას გპირდებით და მერე რას მოიფიქრებთ, ძალიან მაინტერესებს! თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი, იმას რომ მოგასმენინებთ, მაშინ რას იტყვით?!", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






