სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახალსოფელში ეკლესიის ჩამონგრევისას გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს საპატრიარქო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2014 წლის 7 მაისს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის თაღის ჩამონგრევის გამო ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
ეს არის მეტად მძიმე შემთხვევა და მისი მიზეზები აუცილებლად დროულად უნდა იქნეს დადგენილი. გამოძიება ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია, მაგრამ კომისია ჩვენი მხრიდანაც იმუშავებს.
გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ მამუკა მიქელაძისა და თორნიკე მახარაძის ოჯახებს, მაგრამ მინდა, მათაც ვუთხრა და ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, რომ სული უკვდავია და იგი იწყებს ახალ მარადიულ ცხოვრებას.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მამუკასა და თორნიკეს უკვდავი სული და წიაღსა შინა აბრაამიასა განუსვენოს მათ, ხოლო გიორგი გიორგაძესა და ლაშა მსხალაძეს მიმადლოს შეწევნა ღვთისა, გამოჯანმრთელება და მშვიდობა.
ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახის წევრები და ახლობლები”, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






