"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა სპორტის სასახლეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც უგულავამ შეკრებილებს განუცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „კვლავ იბრძოლებს, გაიმარჯვებს და აამუშავებს საქართველოს“:
„მთავრობის უსუსური მცდელობით ჩვენ ჩამოგვართვეს ჩვენი საარჩევნო ნომერი 5, თავიდან შევშფოთდი, ვინაიდან, ვიღაცას ჰგონია, რომ ამით წაშლის ჩვენს განვლილ გზას. ერთად დავანახოთ მთელ ქვეყანას, რომ გაჩერებული საქართველო არის ღალატი ჩვენი შთამომავლობის მიმართ. საქართველოს მთავრობამ და მათმა პატრონმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ოპოზიცია არის ყველაზე ძლიერი, გამობრძმედილი ძალა და ეს ძალა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ძალა, რომელიც არ შეეგუება იმას, რომ დღეს ქვეყანა გაჩერებულია. ეს არის ძალა, რომელიც კვლავ იბრძოლებს, გაიმარჯვებს და აამუშავებს საქართველოს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
გამოსვლის დასასრულს უგულავამ საჯარო პირობა დადო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რევანშს არასოდეს არ განახორციელებს. "ნაციონალური მოძრაობა არ დაუშვებს ქვეყანაში შურისძიებას და ანგარიშსწორებას", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






