პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდება. ამის შესახებ განცხადება უსუფაშვილმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა.
"ეს არ არის ევროპის, როგორც გეოგრაფიული არეალის დღე. ეს არის ევროპის, როგორც ღირებულებების დღე. ჩვენ ვზეიმობთ მას ევროპის სახელმწიფოებთან და ევროპელ მოქალაქეებთან ერთად როგორც მშვიდობის დღეს. ჩვენ ვზეიმობთ თანასწორობის დღეს, კანონის უზენაესობის დღეს, ეკონომიკური წინსვლის დღეს, ტოლერანტობის დღეს, სტაბილურობის დღეს, სოლიდარობის დღეს. სწორედ ამ ღირებულებების გამოა ევროპა ის ადგილი, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ეს ღირებულებები მხოლოდ ევროპის ღირებულებები არ არის, ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია, მაგრამ ევროპა არის ის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ხდება ამ ღირებულებების ცხოვრებაში გატარება. ამიტომ მიისწრაფვის საქართველო, ერთის მხრივ, თავისი ფესვებისკენ და მეორეს მხრივ, იმ სისტემისკენ, იმ ინსტრუმენტებისკენ, რომელიც ჩვენს ღირებულების ფესვებს რეალობად აქცევს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება სრულიად ევროპა ერთნაირად არის შეშფოთებული.
"ყველასთან ერთად ეს ფაქტი იმაზეც მეტყველებს, რომ ევროპა ვერ იქნება სტაბილური და ევროპა ვერ იქნება ევროპა, თუ დანარჩენი მსოფლიო არ გახდება სტაბილური და მშვიდობანი. ჩვენ, საქართველო, ქართველი ხალხი ჩვენს ევროპელ მეგობრებს გთავაზობთ თანამშრომლობას, პარტნიორობას, სოლიდარობას ამ რთულ პერიოდში, რაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის და ევროპისთვისაც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ღონისძიების გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილ სკოტი და საქართველოს პარლამენტის წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






