დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ირაკლი ალასანიას ინიციატივას ეხმაურება, რომელიც საქართველოში თავდაცვის სისტემების განთავსებას გულისხმობს.
„დარწმუნებული ვარ, არის კიდევ სხვა გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერებისკენ“, - განაცხადა უილიამ ჰეიგმა.
მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების გზა საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერებაა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ნატოს მომავალი სამიტი იქნება საკმაოდ ხელშემწყობი გარემოება იმისათვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს.
"ეს არის საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება, რომელიც საქართველოსაც წაადგება. დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატო-ს მომავალი სამიტი ალბათ იქნება საკმაოდ ხელშემწყობი გარემოება იმისათვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს", - განაცხადა უილიამ ჰეიგმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა. მისი თქმით, დასავლეთმა უნდა შესთავაზოს ნატო-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები






