თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთისთვის საქართველო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო, როგორც მეზობელი და როგორც მეგობარი:
"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტის, მარგველაშვილის მოწვევით. ჩვენ საქართველოში ორი მიზეზის გამო ვართ. პირველი - იმ სამიტის გამო, რომელიც გუშინ გაიმართა და რომელზეც განხილული პროექტები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის და მეორე - ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა მქონდა, როგორც პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან. თურქეთისთვის საქართველო ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელვანი ქვეყანა, როგორც მეზობელი და როგორც მეგობარი - ძალზეც ღრმა ურთიერთობაა ჩვენს ერებს შორის. ყოველ წელს 1, 8 მილიონი მოქალაქე ჩადის თურქეთში სააქართველოდან და 1,6 მილიონი თურქეთის მოქალაქე ჩამოდის საქართველოში. ეს გვიჩვენებს, თუ რა მასშტაბებია ადამიანებს შორის კონტაქტისა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თურქეთი იცავს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არსებული პრობლემები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად უნდა გადაიჭრას:
"ჩვენ ვიცავთ და პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთს სჯეროდა და სჯერა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას და მისწრაფებას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან მალე თქვენი ქვეყანა ხელს მოაწერს ასევე ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა, რომელსაც ჩვენ მაქსიმურად დავუჭერთ მხარს“, - განმარტა გიულიმ.
პრეზიდენტმა თურქი ბიზნესმენების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთს ძალზედ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვთ და ამ ყოველივეს მოვლა, ორივე ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს:
„ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საკმაოდ ბევრი თურქი ინვესტორი ახორციელებს საქართველოში ინვესტიციას. ენერგოსექტორი ეს ერთ-ერთი სფეროა, სადაც ერთობლივად მთელი პროექტები ხორციელდება. ასევე იმ ხელშეკრულებით, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსთან, იქნება ელექტროენერგიის ექსპორ-იმპორტის ოპერაციები ჩვენ ქვეყნებს შორის - თურქეთის გავლით გავა გარკვეული ენერგორესურსები ევროპაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობა - მთელი რიგი ინიციატივებია შემუშავებული. სარფის საბაჟოზე გვექნება ერთი ფანჯრის პრინციპი, კიდევ უფრო გაუმჯობესებული. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთების თავისუფალი დინებაც, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური გახდება. ასევე მოგეხსენებათ უფრო დიდი პროექტების შესახებაც, რომელთა შორისაა, მაგალითად, სარკინიგზო პროექტი. მისი 80 პროექტი უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში კი, ის მთლიანად იქნება განხორციელებული. ჩვენს ქვეყნებს ძალზედ მდიდარი, უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა აქვთ. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, მისი აღდგენა, მოვლა, შენახვა უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ჩვენგანისთვის. ასევე მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსის თავისუფლება. ესაა განუყოფელი ნაწილი დემოკრატიისა, ესაა ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება ირწმუნოს ის, ვისიც სჯერა და ეს ძალზეც მნიშვნელოვანია", - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






