„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, შს სამინისტროში უამრავი უკანონოდ ჩაწერილი მასალა ინახება, რომელიც ხელმისაწვდომია.
როგორც „კურიერში“ საუბრისას გვარამიამ განაცხადა, საჯარო სივრცეში რაიმე სახის მასალის განთავსების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„როგორც ჩვენი ინფორმატორები იტყობინებიან სავსეა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ჩანაწერებით. ვწუხვარ, რომ ეს ჩანაწერები ჩვენთვისაც ხელმისაწვდომია. როგორი მასალაც არ უნდა გამოქვეყნდეს, ერთია გაჟონვა და მეორე ამ მასალის შექმნა. თუ შექმნილია უკანონოდ ამაზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროში მძიმედ უნდა აგონ. მეორე საკითხია, როგორ ხდება ამ მასალების დაცვა არასათანადოდ. ნებისმიერ ვითარებაში, როდესაც რაიმე სახის მასალა განთავსდება საჯარო სივრცეში პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ხელისუფლებას. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობდა და მუშაობს. ეს ინფორმაცია გვაქვს პრაქტიკულად პირველი წყაროსგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“, - განაცხადა გვარამიამ.
ამ დრომდე "რუსთავი 2"-ში მოსასმენი მოწყობილობების აღმოჩენასთან დაკავშირებით კომენტარი შსს-ში არ გაკეთებულა.
მასალის გამოყენების პირობები






