ამის შესახებ ნამორაძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სადაც პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
"ჩემთვის მძიმე და მტკივნეულია შევეხო იმ თემას, რამაც მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა, რაც იმ დღეს მოხდა. 2008 წელს ჩემი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს შეიძლება ბევრი ოჯახისთვის ახალი არ იყოს. თუმცა ერთ-ერთი ვიყავი მე. კოდუების ოჯახმა გაგვანადგურა და დაგვტოვა ქუჩაში. ერეკლე და დავით კოდუებმა დაავალეს ნუკრი ჩიკვილაძეს ჩემთვის ნარკოტიკის ჩადება. ჩამიდეს დიდი ოდენობით ჰეროინი. ჩემთვის ქონების წართმევა და მატერიალური მხარე უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც მოხდა. ნარკოტიკთან შეხება საერთოდ არ მქონია. შემჩნეულიც არ ვყოფილვარ, თუმცა ისინი დადიოდნენ ქალაქში და ყველას ეუბნებოდნენ, რომ მე აღმომაჩნდა ჰეროინი. ამასთან, ჩემი მეუღლე ქუჩაში ჩამოაგდეს და ის მანქანა წაიყვანეს, რომელშიც იჯდა. ამის შემდეგ დამაკავეს", - აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.
მისივე თქმით, დაკავების შემდეგ ის "იძულებული გახდა" ეღიარებინა არარსებული დანაშაული, რაზეც ციხიდან გამოსვლის შემდეგ 500 ათასი ლარი გადაახდევინეს.
"ციხიდან გამოსვლის შემდეგ ზეწოლა გაგრძელდა. მე ვიყავი "ტიფლის დეველოპმენტის" დამფუძნებელი. მაიძულეს, რომ დამეთმო ეს ქონება. ჩემი მეუღლე და დედაჩემი წავიდნენ ნოტარიუსში და ეს ქონება გადააფორმეს 200 ლარად კოდუებთან დაახლოებულ პირ გოგა ზაქაიძეზე. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რაც მოხდა იმ დღეს. მე უბრალოდ, ვითხოვდი ადამიანურ ბოდიშს, რაც არ მომხდარა და სულშიჩაფურთხებული ვარ დღემდე. ამან გამოიწვია სწორედ ჩემი განრისხება, - განაცხადა ნამორაძემ.
პროკურორმა პატიმრობის შუამდგომლობისას განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე, ასევე, დაუდგენელი პირების მიმართ ზეწოლის საფრთხე.
პროკურორის განმარტებით, დავით კოდუას ცემაში ნოშრევან ნამორაძესთან ერთად ორი პირი მონაწილეობდა, რომელთა ვინაობა დაუდგენელია და შესაძლოა, მისი თავისუფლებაში ყოფნის პირობებში გამოძიებას ხელი შეეშალოს.
თუმცა, როგორც ამის საპასუხოდ ბრალდებულის ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ და ლილი გელაშვილმა განმარტეს, ბრალდებული თავად ჩაბარდა გამოძიებას და მიმალვა რომ სდომოდა, აღნიშნულ ქმედებას არ ჩაიდენდა.
ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს, მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადგილზე მარტო იმყოფებოდა და ბრალდების მხარეს არ გააჩნია მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ ნამორაძე სხვა პირებთან ერთად მოქმედებდა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.მასალის გამოყენების პირობები






