პრემიერ-მინისტრი რუსთავის სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებისაკენ მოუწოდებს.
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანიისგან იმ მძღოლის დროული დასაქმებას მოითხოვს, რომლებიც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე აქამდეც მუშაობდნენ.
"რუსთავში ჩემი ჩამოსვლვის მიზეზია სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ერთ-ერთმა კომპანიამ გაიმარჯვა. მაქვს შემდეგი შეკითხვა, რატომ დგას ხალხი ქუჩაში? ამდენი ხნის განმავლობაში გამარჯვებულმა კომპანიამ რატომ ვერ მოახერხა ამ ადამიანების დასაქმება და რატომ ვერ ასრულებს ის ნაკისრ ვალდებულებებს. კეთილი ინებოს ამ კომპანიამ, შეასრულოს ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოგიწოდებთ, იმოქმედოთ კანონის შესაბამისად", - მიმართა ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორსა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
პრემიერის თქმით, მისთვის ძვირფასია ბიზნესი, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მოქალაქე და ადამიანია.
"მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძვირფასია ყველა ბიზნესი, ყველა კერძო კომპანია, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ, ყველაზე ძვირფასია თითოეული მოქალაქე და ადამიანი. სწორედ ამიტომ ვარ ჩამოსული დღეს აქ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს დაუკმაყოფილებელი და ყველა ის პირი, ვინც მანამდე მუშაობდა, ისევ უნდა დასაქმდეს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






