ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც პეტრიაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ევროპის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინის მოვლენების გამო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
"მინდა სოლიდარობა, მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი უკრაინელი ძმების, მეგობრების მიმართ. რაც ხდება დღეს უკრაინაში, ვგულისხმობ ოკუპაციას, გარედან მოვლენების დაგეგმვის მცდელობას, ეს ყოვლად მიუღებელი უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რადგან ეს საფრთხე უქმნის თითოეულ ჩვენგანს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ძალიან შორის, მის ფარგლებს გარეთ. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ძალიან მნიშვნელოვნად დაზიანდა ამ მოვლენების განვითარებით, ამიტომაც ყველა უნდა გავერთიანდეთ, ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ დარეგულირდეს ვითარება უკრაინაში და ქვეყნებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებობა მიეცეს", - განაცხადა ლექსი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ უკვე გააკეთა არჩევანი - და ეს არჩევანი ევროატლანტიკური თანამეგობრობაა.
"მე ვიცი, რომ დღეს ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად გახდება საქართველო ევროკავშირის, ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, მაგრამ ყველაფერს სჭირდება თავისი დრო, თანმიმდევრულობა და, რაც მთავარია, 24-საათიანი მუშაობა", - დასძინა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






