„ანტიდისრკიმინაციულ კანონზე პატრიარქს კატეგორიული პოზიცია არ აქვს“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქის პოზიცია იყო, რომ აღნიშნულ კანონზე მეტი დიალოგი ყოფილიყო. პატრიარქის პოზიციას ეკა ბესელიაც ეთანხმება და ამბობს, რომ „მეტი საჯაროობა უკეთესი იქნებოდა“.
“არავითარი ცოდვების დაკანონება არ ხდება. მე პირადად ვესაუბრებოდი საქართველოს პატრიარქს, რამდენჯერმე შევხვდი მას და მქონდა საუბარი განცხადების გავრცელებამდეც და მის შემდეგაც. მართლა მგონია, რომ ყველამ უნდა მიბაძოს მას და ამ ტონალობაში საუბარი არ შეიძლება, რადგან პატრიარქი საუბრობს სიყვარულით. პატრიარქი არ საუბრობს ისეთი ტერმინოლოგიით და ისეთი ენით, როგორითაც დღეს აქციის ერთ–ერთი მონაწილე საუბრობდა, რომელმაც ალბათ, უბრალოდ არ იცის, რა წერია ამ კანონში, საუბრობდა რაღაც შავ წიგნზე. მე არ მინდა ამის დაკონკრეტება, მაგრამ არასერიოზულია ამაზე საუბარი. პატრიარქს არ აქვს კატეგორიული პოზიცია და ის ამბობს, რომ კატეგორიული მიდგომები ძალიან სახიფათოა. მას ჰქონდა პოზიცია, რომ მეტი დიალოგი გამართულიყო და მეც მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა, მეტი დრო ყოფილიყო ამ კანონის განხილვისთვის და მეტი საჯაროობა ყოფილიყო. ერთი წუთითაც რომ მეგრძნო, რომ ეს იყო პატრიარქისთვის მიუღებელი რამ, ბუნებრივია, სულ სხვაგვარი პოზიცია იქნებოდა“, – განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






