კანონპროექტი, რომელიც უკანონო მიყურადებასთან და ფარული ჩანაწერების გამოყენებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებები კოდექსის 157-ე (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა), 158-ე (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა) და 159-ე (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა) მუხლებში აისახება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. აღნიშნულ დანაშაულებზე სასჯელის ზომა იზრდება.
157-ე მუხლის დისპოზიციაში, რომელიც სანქციას პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაზე აწესებს, "პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის" და "პერსონალური მონაცემების" გათვალისწინება ხდება. შსს-ს მიერ შეთავაზებული 157-ე მუხლის ახალი ფორმულირება არეალს აფართოებს და ქმნის შესაძლებლობას, პასუხისმგებლობის მიღმა არ დარჩეს პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები, რომლებსაც კოდექსის მოქმედი რედაქცია არ მოიცავს. გარდა ამისა, მკაცრდება მოცემული მუხლით გათვალისწინებული სანქციები. კერძოდ, დღეს 157-ე მუხლის პირველი ნაწილი (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1-წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით. პარლამენტში წარდგენილი პროექტით გასასწორებელი სამუშაოს ვადა – 2 წლამდე, ხოლო თავისუფლების აღკვეთის ვადა 3-წლამდე იზრდება.
პასუხისმგებლობა თავისუფლების 4-წლამდე ვადით აღკვეთით მძიმდება 157-ე მუხლის მეორე ნაწილის შემთხვევაშიც, რაც თავის მხრივ პასუხისმგებლობას პირადი ან ოჯახური საიდუმლოს მასობრივი მაუწყებლობით, ან საჯარო გამოსვლისას გავრცელებაზე აწესებს.
სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებად განისაზღვრება კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიტერული მონაცემების უკანონოდ შენახვა - მათი უკანონო გამოყენების, გავრცელების მიზნით. კანონპროექტით გამკაცრებულია საქციებიც – გაზრდილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ვადები.
პასუხისმგებლობა მკაცრდება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან შეტყობინების საიდუმლოების დარღვევაზე. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით მთლიანად გადაიხედა სსკ-ის შესაბამისი -159-ე მუხლი.
მასალის გამოყენების პირობები






