„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული კამპანია, სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.
ბოკერიას თქმით, პრემიერი აღნიშნული განცხადებით საკუთარი უნიათობისა და არაკომპეტენტურობის გადაფარვას ცდილობს.
"ქვეყნისთვის და ჩვენთვის უაღრესად საზიანო და სახიფათოა, რომ დღეს ჩვენი მთავრობა ეკონომიკაზე, უმუშევრობისა და კრიმინალის ზრდაზე, უსაფრთხოებასა და საკუთარი გუნდის საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე ფოკუსირების ნაცვლად საუბრობს იმაზე, რომ კრიტიკური ჟურნალისტები არიან აგენტები, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციას აწყობს და საბურავებს ყიდულობს და ახლა უკვე, უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან ძირგამომთხრელ საქმიანობას. აშკარაა, რომ მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ცდილობს საკუთარი უნიათობისა და არაკომპეტენტურობის გადაფარვას ე.წ მტრების ძებნით. აქედან ძალიან დიდი მანძილი არ არის პუტინის მმართველობის სტილამდე. ეს არ არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, ეს არ არის მთავრობა და ეს არ არის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პასუხობს. ეს ყველაფერი მხოლოდ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის..." - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






