პარლამენტის თავჯდომარის ინფორმაციით ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტებს პარლამენტი პირველი მოსმენით, 15-16 მაისამდე მიიღებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, 90-95% საკითხებში მიღწეულია შეთანხმებები იმისთვის, რომ საქართველოში უკანონო მოსმენებზე საუბარიდასრულდეს.
"მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტი იყო ინიცირებული შარშან ზაფხულში. ამ პროექტზე შემდეგ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, ჩვენ იგი გავაგზავნეთ ევროსაბჭოში ექსპერტიზისთვის, მოვიწვიეთ რამდენიმე ექსპერტი საქართველოში. მარტის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. განსაკუთრებით პროდუქტიული იყო აპრილში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებისა და პროკურატურის, შს და იუსტიციის სამინისტროების, ასევე პრემიერ-მინისტრის აპარატის, უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობა. დღეისთვის ჩვენ შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ უმრავლეს საკითხებში, 90-95% საკითხებში მიღწეულია შეთანხმებები იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს საუბარიც კი იმის თაობაზე, ვინმე ვინმეს უკანონოდ ხომ არ უსმენს. დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 15-16 მაისამდე, სანამ პარლამენტი ერთთვიან შესვენებას გამოაცხადებს არჩევნების გამო, ჩვენ ძალიან დიდი ალბათობით, პირველი მოსმენით მაინც მივიღებთ 6-7 კანონპროექტიდან უმრავლესობას", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარამენტის თავჯდომარემ მადლობა გადაუხადა იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებს, შს სამინისტროს, პროკურატურას, არასამთავრობოებს, პრემიერის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში მინდია ჯანელიძეს, რომელიც კოორდინაციას უწევდა მთავრობის მხრიდან მუშაობას.
"ცხადია, ჩემი მადლობა არ და ვერ ეხება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო ხანებში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა გვიკიჟინებენ იმის შესახებ, ჩვენს მიერ შექმნილ რეპრესიების მანქანას რატომ უფრო სწრაფად არ ანგრევთო. იმდენი რამ არასწორად გააკეთეს, ამის სწორად შეცვლას დიდი დრო სჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






