"ეს შენ გეხებას" კამპანიის მონაწილე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მთავრობის სხდომაზე ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ქორიძე მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც არასამთავრობოების ნაწილი ფარული მოსმენების კანონპროექტის საკითხზე ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, განმარტება უნდა გააკეთოს.
ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება შესაძლოა ძალიან სახიფათო ტენდენციის სათავე გახდეს.
„მთავრობის მეთაური საზოგადოებას არწმუნებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რაღაც თანხებს ხარჯავენ და რეკლამას დებენ იმაში, რომ სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ. ეს ძალიან ცუდი მესიჯია იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების უმრავლესობას გაუჩინოს არასწორი და ნიჰილისტური დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში საზოგადოებრივი პროცესების განვითარებაში. გარდა ამისა, გაცილებით სახიფათოა თავად ის ტერმინოლოგია, რომელსაც პრემიერ–მინისტრი იყენებს. ასეთი ტერმინები ყოველთვის იწვევს ტოტალიტარული მმართველობის ასოციაციას, როდესაც ადამიანები, რომლებიც გარკვეულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, იწყებენ აქტივობას და რაღაც კამპანიას, უნდა გამოცხადდნენ ქვეყნის ძირგამომთხრელ ელემენტებად და სახელმწიფოს მტრებად, იმიტომ, რომ მათი ხედვა არ ემთხვევა მთავრობის შეხედულებებს. ამის გამო არ შეიძლება, რომ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი რის გამოც დღეს, 1 მაისს პრემიერმა "ეს შენ გეხებას' კამპანიის მონაწილეები გააკრიტიკა, ფარული მოსმენების საკანონმდებლო ჩარჩოს დარეგულირებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტები თავდაპირველად ზვიად ქორიძემ, ლაშა ტუღუშმა, ლიკა საჯაიამ და დეპუტატმა შალვა შავგულიძემ მოამზადეს. მისი ინიცირება პარლამენტში იურიდიულმა კომიტეტმა განახორციელა. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში დაახლოებით ერთი წლის წინ შევიდა, თუმცა მისი განხილვა მხოლოდ მიმდინარე აპრილში დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






