„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერის, თინა ხიდაშელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით სტატუსს ნადარეიშვილი "ფეისბუქზე" აქვეყნებს.
"დღეს ქალბატონმა თინა ხიდაშელმა შეგნებულად იცრუა ქართული საზოგადოების წინაშე და განაცხადა შემდეგი: "დათა ახალაიას მიმართ 3 საქმე იქნა სასამართლოს მიერ განხილული, მათ შორის გირგვლიანის საქმე და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ"
მინდა ქალბატონ ხიდაშელს შევახსენო, რომ გირგვლიანის საქმეზე ჯერ საერთოდ არ დაწყებულა სასამართლოში არსებითი განხილვა, ჩატარდა მხოლოდ წინასასამართლო სხდომა და ამ ორ პროცედურას შორის განსხვავება "იურისტმა" ხიდაშელმა წესით უნდა იცოდეს.
ამასთანავე, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას მოეხსნა წამების ბრალდება, ასევე სხვა საქმეში გამართლდა უკანონო თავისუფლების აღკვეთის ნაწილში და სასამართლო შეედავა მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ამასთან დაკავშირებით იქნება საქმის სააპელაციო განხილვა და ამდენად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. შესაბამისად სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, პირის დამნაშავედ გამოცხადება არის მისი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, რაც სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ განმარტა.
რაც შეეხება მესამე საქმეს, ე.წ. "ნავთლუღის სპეცოპერაციას" სასამართლო განხილვა საერთოდ არ დაწყებულა (14 აპრილს იწყება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ იქნება ურიგო ქალბატონმა ხიდაშელმა ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის", - წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






