დეპუტატს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს უსუფაშვილისნაირი მდაბიო, მშიშარა და მეწვრილმანე თავმჯდომარე არასდროს არ ჰყოლია.
„ქუთაისიდან სამწუხაროდ, არ მომიწია რიგმა და პლენარულ სხდომაზე ვერ გავეცი პასუხი დავით უსუფაშვილს.
ის გამოეხმაურა ბატონი როლანდ ახალაიას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გამოსვლას, სადაც დეპუტატმა პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდა, რომ დღეს სასამართლოში პროკურატურა შევიდა შუამდგომლობით მის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე, ასევე აღწერა პროკურატურაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა პარლამენტარების მიერ, ბაჩო ახალაიას ციხეში ყოფნა სასამართლოს განაჩენის გარეშე, პარლამენტისთვის მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილების გაუქმება, პარლამენტის მიერ განსაკუთრებული სიჩქარით თანხმობის მიცემა პროკურატურისთვის დეპუტატების დევნის დაწყებასთან დაკავშირებით და მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პროკურატურის უკანონო ქმედებებზე რეაგირება.
უსუფაშვილის პასუხი იყო: "არავის არ ვუსურვებ თქვენს მდგომარეობაში ყოფნას. ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი."
ასეთი მდაბიო, მშიშარა და მეწვრილმანე თავმჯდომარე პარლამენტს არ ყოლია არასოდეს! თუ დავით უსუფაშვილს გონია, რომ ოდესმე რამეს წყვეტდა ქვეყანაში, ახლა წყვეტს ან მომავალში ექნება ამის შანსი, ძალიან ცდება!
ბაჩო, დათა და როლანდ ახალაიები კიდევ რომ თავის სიტყვას იტყვიან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და უსუფაშვილი კი ისტორიის სანაგვეს ჩაბარდება, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ.
უბრალოდ, ვისურვებდი, რომ ასეთი სამარცხვინო თავმჯდომარე აღარასოდეს ყოლოდეს პარლამენტს! რთული არ უნდა იყოს!“ ,- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






