საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.
,,ჩუმად არიან (თან არაფერს არ აკეთებენ!) - ხელისუფლება არ გვყავს. ხმას ამოიღებენ და, ნეტავ, არაფერი არ ეთქვათ.
დღეს "გარყვნილების ბუდეში" როგორც იქნა შესული მარგველაშვილი აცხადებს: "ორი წინადადებით შემიძლია გიპასუხოთ. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაფიქსირებთ რაიმე ღია დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს რუსეთის ფედერაციასთან. არ ვხედავთ ღია საფრთხეს".
ვიღაცამ უშველეთ რიგით მარგველაშვილს! შეატყობინეთ, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ასობით ათასი ადამიანი დევნილი ან იძულებით გადაადგილებული პირია, ოკუპაციის ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გატაცება რუსების საოკუპაციო ძალების მიერ ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა, ხოლო შეერთებული შტატების კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავჯდომარე გვაფრთხილებს საოკუპაციო ძალების მკვეთრ ზრდაზე ცხინვალის რეგიონში.
ვისთან გვაქვს ღია დაპირისპირება მაშინ? თუ მარგველაშვილის "ჩვენში" საქართველო არ იგულისხმება?“, - წერს გრიგოლ ვაშაძე ,,ფეისბუქის“ გვერზე.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საფრთხეების დასაძლევად საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიანი და სტაბილური პოზიცია საჭირო.
როგორც ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან საფრთხე არ ჩანს.
„ამ ეტაპზე არ ვაფიქსირებთ რაიმე ღია დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს რუსეთის ფედერაციასთან. არ ვხედავთ ღია საფრთხეს რუსეთის ღია ფედერაციისგან. ეს ერთი. მეორე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ასეთი საფრთხეები დაძლეული იყოს? საჭიროა მეტი სტაბილურობა და ერთიანი პოზიცია საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






