„1989 წლის 10 თუ 11 აპრილს, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, როდესაც ყველანი შეძრული ვიყავით 9 აპრილის ტრაგედიით, როდესაც საბჭოთა ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებდნენ "ერთი მუჭა ექსტრემისტების მიერ მოწყობილი დესტაბილიზაციის მცდელობის" აღკვეთაზე (რას ვიფიქრებდი, თუ ამ ტექსტს მერე დამოუკიდებელ საქართველოში სხვადასხვა ხელისუფლებისგან გავიგონებდი სხვადასხვა ვარიაციებით?) და ყველანი მოწადინებული ვიყავით მსოფლიოს გაეგო რა მოხდა 9 აპრილის ღამეს თბილისში (ინტერნეტი სად იყო მაშინ და ფეისბუქი?), ჩემი ჭკუით თავი გადავდე, ყოვლისშემძლე კაგებეს შიში დავიკიდე, ლიტვასა და ესტონეთში დავრეკე სახლიდან ნაცნობ არაფორმალებთან და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ასე მოვიხადე ჩემი პატრიოტული ვალი. მერე კი ვიჯექი და ველოდებოდი როდის მომაკითხავდნენ. დარწმუნებული ვიყავი, მისმენდნენ - ბოლო-ბოლო სამხედრო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და კომენდანტის საათი.
გიჟი არ იყო, კაციშვილი არ მოსულა. კაგებე არა ხვიშტი...
ჰოდა, აი, სწორედ მაშინ, იმ მომენტში გავაცნობიერე, რომ უკვე ეპოქა დამთავრდა დიდი. ოდესღაც უძლეველი, მთელი მსოფლიოსთვის თავზარდამცემი საბჭოთა კავშირი ის აღარაა, რაც იყო. იგი დაჩმორდა და დაუძლურდა. უძლურებიდან დასასრულამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
ცოტა გულუბრყვილო განცდა იყო, მაგრამ ეპოქის კონტექსტიდან გამომდინარე ზუსტი და ნაღდი. ცხადია, მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა იმაზე, თუ როგორ წარიმართებოდა პროცესები და მე მგონი არც არავის არ ჰქონდა, ოღონდ ამ მსოფლიო კოლოსის, ლამის მარადისობად მიჩნეული სისტემის დასასრულის განცდა კი კაი რამე იყო, ჩემმა მზემ. ლამის სასწაული! ამდენი ხანი გავიდა, ამდენი ხელისუფლების დასასრული ვნახე, მაგრამ იმ გრანდიოზულ პროცესში თანამონაწილეობის, იმ სასწაულთან თანაზიარობის განცდას მაინც ვერაფერი შეედრება.
და ბოდიში პათეტიურობიზა, მაგრამ ყველაზე კარგად ამაზე მაინც ოკუპანტ პოეტს აქვს ნათქვამი:
Счастлив, кто посетил сей мир
В его минуты роковые!
Его призвали всеблагие
Как собеседника на пир.
Он их высоких зрелищ зритель,
Он в их совет допущен был -
И заживо, как небожитель,
Из чаши их бессмертье пил!“,- წერს დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






