პარტია „იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„სააკაშვილი უცხოური ტელეარხებიდან დუჟმორეული იცავს დასავლეთის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მზად არის რუსეთს ომი გამოუცხადოს;
ვანო მერაბიშვილი ციხიდან ემუქრება პუტინს და მის დღეებს ითვლის;
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაღონებულია იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა საკადრისად ვერ დაუჭირა მხარი კლიჩკოს და ვერც ასკაციანი საბრძოლო ჯგუფი გაგზავნა რუსების წინააღმდეგ სამოქმედოდ;
თინა ხიდაშელი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ითხოვს;
ესეც არ ვიკმარეთ და, რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ,როგორც დასაგმობი და აღმაშფოთებელი ფაქტი, რუს მსახიობთა სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ყირიმში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ხელისუფლების პოზიციას...
დღეს გახდა ცნობილი, რომ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის ერთ–ერთი მხარდამჭერის სერგეი ბეზრუკოვის ვიზიტი საქართველოში ამის გამო გაუქმებულია საქართველოს კულტურის პალატის გადაწყვეტილებით...
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთის პოზიცია უკრაინის პროცესებთან დაკავშირებით და კონკრეტულად ყირიმშიც საპასუხო რეაქციაა დასავლეთის მიერ დაგეგმილ ოპერაციაზე რუსეთის წინააღმდეგ;
არც იმაზე ვაპირებ კამათს, გვიყვარს თუ არა ჩვენ რუსეთი და გვინდა თუ არა მისი დაშლა;
აღარც იმ საფრთხეს ვეხები, რასაც საქართველოს ასეთი აქტიური პოლიტიკა შეიძლება შეიცავდეს;
არც იმ დამამცირებელ განცხადებაზე ვაკეთებ აქცენტს, რომ რუსეთს აშშ საქართველოსთვის "მაპის" მინიჭებით ემუქრება, თუ რუსეთი ყირიმს მიიერთებს (?!);
არც "მაპი" რა არის, ამის გარკვევას ვაპირებ – მაინც არავინ არ იცის;
არც იმას ვკითხულობ, რატომ ანიჭებენ საქართველოს ასეთ სასურველ და საოცნებო "მაპს" მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ცუდად მოიქცევა (?!)...
ამჯერად ერთადერთი, სრულიად არაპოლიტიკური შეკითხვა მაქვს ყველასთან:
საკუთარი პრეზიდენტის პოლიტიკას რომ რომელიმე ადამიანი, მათ შორის მსახიობი, მხარს უჭერდეს ან არ უჭერდეს, რა ჩვენი გასარჩევია და რატომ უნდა ვაძლევდეთ ამას ან სოციალური ქსელის, ან, მით უმეტეს, მთავრობის დონეზე შეფასებას?! სულ გამოვთაყვანდით?!
არადა, თითქოს ჯერ ისე არ ცხელა...“, - წერს ირინა სარიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






