საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის "ტორპედო" მომდევნო ხუთ საშინაო მატჩს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გუშინდელი ინციდენტის გამო ქუთაისის "ტორპედო" ასევე 18 300 ლარით დაჯარიმა.
გარდა ამისა, 800 ლარით დაჯარიმდა ”დინამოც”, გუნდის გულშემატკივრების მიერ სტადიონზე სკამების დამტვრევის გამო.
სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმშერ ტყებუჩავას თქმით, ფედერაციის აღმასკომი ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, მომდევნო თამაშებში, რომელსაც "ტორპედო" ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს, დაესწრება თუ არა გულშემატკივარი.
"რაც შეეხება გულშემატკივრების სტადიონზე შევარდნას, ეს განაპირობა გულშემატკივრების მოზღვავებულმა ტალღამ, რომელმაც კორდონი გაარღვია და შევიდა სტადიონზე", - აღნიშნა ტყებუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტორპედო-დინამოს მატჩის დროს სტადიონზე გულშემატკივრები შეიჭრნენ, რის შემდეგაც მატჩი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში როდესაც „დინამო“ სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ 0:2 ამარცხებდა, გულშემატკივარი სტაიდონზე შეიჭრა. „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე შეცვივდნენ და დინამოს ფეხბურთელებს დაერივნენ. მათ შორის მოჰყვა „დინამოს“ ესპანელი ლეგიონერი ჩისკო.
"დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა ქუთაისი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დახმარებით დატოვეს.
ჩხუბის შედეგად დაშავებულია 5-მდე ფეხბურთელი, ასევე დაშავებული არიან ფანკლუბ "გლადიატორის“ წევრები.
დღეს კი ქუთაისის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და 25 დაკავებული დაჯარიმა. ადმინისტრაციული სახდელი „ტორპედოს“ იმ გულშემატკივრებს დაეკისრათ, რომლებიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ხულიგნობის მუხლით სტადიონზე აიყვანეს.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






