საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე სოციალური ქსელის მეშვეობით, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის, ილო ნიკოლაიშვილის პოსტს აქვეყნებს.
„ამ თემაზე საუბარი ძალიან უხერხულია ჩემთვის, მით უმეტეს იმ ხალხისთვის ვისზეც ახლა მათი ნებართვის გარეშე დავწერ, მაგრამ რადგან ეს ქვეყანა რესენტიმენტებით გაჟღენთილმა მაწანწალა ოპორტუნისტმა პოლიტიკოსებმა ბორდელად აქციეს, სხვა გზა აღარ რჩება.
იმისათვის, რომ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს წითელ ხიდთან რიგები დაეყენებინათ, ისინი მასობრივად უნდა გაქცეულიყვნენ. ის ხალხი ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ მათი ნებართვის გარეშე მოვყვები მცირე ისტორიებს.
ჩემს მეუღლესთან ერთად 7 აგვისტოს წავედი გორში. იქ მყოფი ხელისუფლების წევრები მედია ცენტრში უცხოელ ჟურნალისტებს ინფორმაციებს აწვდნიდნენ. გორში იმყოფებოდა უამრავი ოფიციალური პირი და სამოქალაქო მოხალისე. იქ გავიცანი მაგალითად, ნუგზარ წიკლაური, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად წითელი ხიდი კი არა, თბილისში წასვლა არ უფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ გორი ინტენსიურად იბომბებოდა. მასთან ერთად იყო, მამუკა ხერხეულიძე. ჩემთვის აღმაფრთოვანებელი იყო ბოცოს, აკო მინაშვილის, გიო მელაძის, გოკა გაბაშვილის, გიგი უგულავას, ხათუნა ოჩიაურის, გიორგი კარბელაშვილის, ირაკლი ფორჩხიძის სიმშვიდე, პროფესიონალიზმი და რწმენა. სხვათა შორის, ირაკლი ფორჩხიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წინა ღამის ჩამოსული იყო თბილისში. არც ერთ სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებდა, მაგრამ დაუფიქრებლად წავიდა გორში, ბომბების წვიმაში და როგორც მოხალისე აკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლო. იგივეს ვიტყვი გიო მელაძეზე, რომელიც არანაირ თანამდებობაზე არ იყო, მაგრამ აკო მინაშვილთან ერთად გორის ოკუპაციის შემდეგაც კი დაბრუნდა იქ. ვითომ უცხოელი ჟურნალისტების თარჯიმნები იყვნენ და ჩუმად შეიპარნენ გორში, რითიც სიცოცხლე რეალურ საფრთხეში ჩაიგდეს.
ვინმე აუცილებლად გამომრჩება, გორში ვნახე შვებულებიდან საომრად დაბრუნებული ბაჩო ახალაია, ეკა ხერხეულიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფები და უამრავი თანამშრომელი, ოპოზიციიდან პაატა დავითაია, რომელიც სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით ინტერვიუების მისაცემად და 20 წუთში უკან წასასვლელად არ ჩასულა. სამხედრო ფორმით და იარაღით იყო იქ. მეგობრისგან ვიცი, რომ გია თორთლაძე ფრონტის პირას პირველიდან უკანასკნელ წუთამდე იყო და ჯარისკაცებს ეხმარებოდა. გორში იყო "ნაციონალური მოძრაობის" პრაქტიკულად ყველა წევრი, ვაჟა წოწკოლაური, გიო პატარაია და უამრავი სხვა.
გორის ოკუპირების შემდეგ მომიწია უშიშროების საბჭოში ყოფნა, სადაც პრაქტიკულად მთელი ხელისუფლება ტრიალებდა. ისევ ვინმე გამომრჩება, მაგრამ იქ ვნახე კახა ლომაია, რომელიც ამოსუნთქვის გარეშე მუშაობდა, მისი მოადგილეები, თანამშრომლების მთელი შემადგენლობა. ეკა ზღულაძე, ეკა ტყეშელაშვილი, პარლამენტის წევრები, განათლების მინისტრის მოადგილე ანა ჟვანია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალი წარმომადგენელი. მოდიოდა უამრავი სამოქალაქო პირი, რომელიც ქვეყნისთვის ტრაგიკულ დღეებში საკუთარ ქვეყანას სთავაზობდა დახმარებას რითიც შეეძლო. მაგალითად გიგი თევზაძე, ალექსანდრე ოანფილოვი, ჩემი მოხუცი მეგობარი ზურაბ ხრიკაძე, რომელსაც ხელისუფლებებთან არასოდეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ზემოთ ჩამოთვლილი და გამორჩენილი ყველა ადამიანი აკეთებდა იმას, რაც შეეძლო. მაგრამ არსად, არც ერთ ეპიზოდში თვალი არ მომიკრავს დღევანდელი ხელისუფლების ან მასთან ლოიალური პირებისთვის. გარდა გუბაზ სანიკიძისა და შარტავასი. რომლებმაც გორში 20 წუთში ყველა ტელეკომპანიას მისცეს ინტერვიუ და მაშინვე გაქრნენ. სხვათა შორის, გუბაზი საომარი მდგომარეობისთვის შეუფერებელ მოკლე შარვალსა და „შლოპანცებში“ იყო გამოწყობილი.
მიჩნდება კითხვა, როცა მე, ერთმა ადამიანმა საქმეში ყურებამდე ჩაფლული ხელისუფლების და სამოქალაქო აქტივისტების ამხელა რაოდენობა ვნახე, წითელ ხიდთან რიგი ვინ დააყენა? შემთხვევით ეკა ბესელიამ და მისნაირებმა ხომ არა? უბრალოდ სირცხვილია, გულისამრევია, როცა ადამიანები ომის დღეებზე საკუთარი თავის კონტექსტიდან არ ლაპარაკობენ და ამ დროს მათ ცილს წამებენ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ალბათობით რუსების მიერ მიშას დამხობაზე ოცნებობენ. ის რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ხალხი იმ დღეებში თავიანთი უშიშრობით არა თუ არ ტრაბახობს, საერთოდ არ ლაპარაკობს, მათ დიდ ღირსებაზე მეტყველებს“,- აღნიშნულია ილო ნიკოლაიშვილის წერილში.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






