
ელენე გედევანიშვილმა სოჭში მიმდინარე 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შორის ინდივიდუალურ გამოსვლებში მოკლე პროგრამით მიიღო მონაწილეობა.
გედევანიშვილი, რომლისთვისაც სოჭის ოლიმპიური თამაშები მესამე ზამთრის ოლიმპიადაა, ყინულის სასახლე "აისბერგში" გამოვიდა და 30 სპორტსმენს შორის მე-17 ადგილი დაიკავა 54,70 ქულით (ელემენტებში - 27,51, კომპონენტებში - 27,19), შედეგად, ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მიიღო.
როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა სატელეფონო საუბარისას განაცხადა, ქართველმა მოციგურავემ საკმაოდ კარგად იასპარეზა და მეჩვიდმეტე ადგილს არ იმსახურებდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 თებერვალს ელენე გედევანიშვილი მეორე ჯგუფში, მეორე ნომრად გამოვა, შეჯიბრება კი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ცნობითვის, ოლიმპიადის მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადის გამარჯვებულმა, სამხრეთკორეელმა იონა კიმმა (74,92) აჩვენა. მეორე ადგილზე რუსი ადელინა სოტნიკოვა (74,64) გავიდა, მესამეზე - იტალიელი კაროლინა კოსტნერი (74.12), მეოთხე კი ამერიკელი გრეისი გოლდი (68,63) იყო.
მასალის გამოყენების პირობები






