პუტინი ელოდა, რომ ზამთრის ოლიმპიადა სოჭში მისი საერთაშორისო ტრიუმფი გახდებოდა. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით გამოვიდა, თვლის ინგო მანტოიფელი, დოიჩე ველეს რუსული რედაქციის მთავარი რედაქტორი.
სოჭში ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სრულებით შეეძლო მიმხვდარიყო თუ რას გრძნობდა ბარბარა სტრეიზანდი რამდენიმე წლის წინ. 2003 წელს ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა საჩივარი შეიტანა ფოტოგრაფის წინააღმდეგ, რომელმაც მისი სახლი კალიფორნიაში ჰაერიდან გადაიღო. მას სურდა ასე შეეჩერებინა ფოტოსურათის გავრცელება. თუმცა, სწორედ გახმაურებული სასამართლო პროცესის წყალობით, მისი სახლის ფოტო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

მას შემდეგ პიარისტებისა და ჟურნალისტების წრეში გაჩნდა გამოთქმა „სტრეიზანდის ეფექტი“, როდესაც არასასურველი ინფორმაციის განადგურებისა თუ დაფარვის მცდელობებს საპირისპირო შედეგი მოაქვს და სკანდალური ფაქტები საზოგადოების კიდევ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს. მსგავსი გამოვლინება ახლა პრეზიდენტ პუტინთანაცაა დაკავშირებული: სოჭის ეფექტი.
პუტინის თამაშები
როდესაც თითქმის ათი წლის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა მთელი ძალით დაიწყო მუშაობა იმისათვის, რომ სოჭს მიეღო 2014 წლის ოლიმპიადის ჩატარების უფლება, მან მკაფიო მიზანი დაისახა. მსოფლიოს უნდა დაენახა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგ, ახალი რუსეთი, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, თანამედროვე და წარმატებულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. ჯერ კიდევ დაგეგმვის სტადიაში ნათელი იყო, რომ საუბარი იქნებოდა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ მეგაპროექტზე. მაგრამ პუტინი ამან ვერ შეაჩერა: სოჭის ოლიმპიადას სამშობლოში და საზღვარგარეთაც ძლიერი და თანამედროვე რუსეთის სახე უნდა შეექმნა. ის უნდა გამხდარიყო მისი რუსეთის ტრიუმფი.
თუმცა, როგორც ბარბარა სტრეიზანდმა თავისი სასამართლო გარჩევებით, პუტინმაც საწინააღმდეგო ეფექტს მიაღწია. რუსეთის მისამართით ქება-დიდების ნაცვლად, მსოფლიო საზოგადოების მხრიდან მკვეთრი კრიტიკა ისმის. სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის ნეგატიურმა მხარეებმა მედიის სულ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო.
მილიონობით საგაზეთო სტატიის, ტელე- და რადიორეპორტაჟების, ინტერნეტ-გამოცემების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოჭის ოლიმპიადისათვის მზადების ფონზე, თანამედროვე რუსეთის პრობლემები გაშუქდა: კორუფცია, სახელმწიფო მაღალჩინოსნების თვითნებობა, ადამიანის უფლებების დარღვევა, ბუნებრივი გარემოს განადგურება, ცენზურა მედიაში, ჰომოფობიური კანონები, მომუშავე-მიგრანტების უფლებების დარღვევა, ეთნიკური კონფლიქტები ჩრდილო კავკასიაში, ინფრასტრუქტურის ნაკლოვანება და კიდევ ბევრი სხვა. რა თქმა უნდა, ასეთი შეტყობინებები ადრეც იყო. უბრალოდ, ოლიმპიადის წყალობით, მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, პოლიტიკით არდაინტერესებულმა აუდიტორიამ შეძლო თვალნათლივ დაენახა, როგორაა საქმე თანამედროვე რუსეთში. ეს პრობლემები საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში თავად თამაშების შთაბეჭდილებებსა და გამარჯვებულთა მოგონებებთან ერთად დარჩება.
მეგაპროექტები ყოველთვის რისკიანია

დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, უდაოდ, ყოველთვის რისკითაა მოცული. გერმანელებს მაშინვე ბერლინის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გაწელილი მშენებლობა აგონდებათ. ამიტომ უსამართლოა რუსებზე კრიტიკული თავდასხმების უმრავლესობა, რომელთაც გულის ტკივილით ყურება უწევთ თუ როგორ დასცინის საერთაშორისო საზოგადოება მათ ქვეყანას. სოჭის, როგორც ოლიმპიური პროექტის კრიტიკის სრული საფუძვლიანობის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში მთლიანობაში ცვლილებები მოხდა, მათ შორის ეკონომიკური და ტექნიკური თვალსაზრისით.
და მაინც, ოლიმპიური თამაშების ერთი შედეგი პუტინმა ვერ გათვალა: ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესების ნაცვლად, მან უფრო მკაფიოდ გამოავლინა მისი პრობლემები. ახლა ამ მოვლენას თავისი სახელწოდება აქვს: სოჭის ეფექტი.
dw.de
მასალის გამოყენების პირობები






