უკრაინული პოლიტიკური კრიზისის პიკში, ვლადიმერ პუტინი ბრიუსელში აღმოჩნდა. ევროპული კავშირი შიშობდა, რომ კიევში გავლენისათვის ორთაბრძოლის ფონზე, რუსეთ-ევროკავშირის სამიტი ცივ ატმოსფეროში ჩაივლიდა. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი ნაკლებად შემტევი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა შევიდეს დიალოგში უკრაინულ ოპოზიციასთან, თუ ისინი გაიმარჯვებენ, წერს ფრანგული გაზეთი Le Figaro.
„ბრიუსელში შეხვედრა მოვლენათა დინამიკის მკვეთრ აჩქარებას დაემთხვა. თუ, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, კრემლი ხარობდა იმით, რომ უკრაინამ უარი თქვა ევროპასთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებაზე, სამშაბათს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი გადადგა და როდესაც რეპრესიული კანონები გაუქმდა, ვიქტორ იანუკოვიჩის პოზიციები შეირყა. ვლადიმერ პუტინი კი სწორედ მასზე დებდა დიდ ფსონს“, - ნათქვამია სტატიაში.
„ახლა ევროპას შეუძლია იფიქროს, რომ, ბოლოს და ბოლოს, სიტუაცია შემოაბრუნა: კიევში ოპოზიციის ლიდერებმა მოლაპარაკებების მაგიდასთან თავისი ადგილი მოიპოვეს მას შემდეგ, რაც ქუჩები რამდენიმე დღით ექსტრემისტებსა და ნაციონალისტებს დაუტოვეს“, - აღნიშნულია სტატიაში.
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, თავის მიზანს მიაღწია: უკრაინის ახლანდელი ხელისუფლების ღირსეული ალტერნატივა შედგა. პროევროპული ოპოზიცია, და არა იანუკოვიჩის რეჟიმი, ევროპელი ემისარებისათვის პრივილიგირებულ თანამოსაუბრედ იქცა, წერს გამოცემა. ევროპელების აზრით, ახლა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვაზე გამოჭერაღაა საჭირო: ჰერმან ვან რომპეიმ მაშინვე დააბრუნა მაგიდაზე ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელზეც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ნოემბერში უარი განაცხადა. „ჩვენ ხელს მოვაწერთ, როგორც კი უკრაინა მზად იქნება ამისთვის“, - განაცხადა ევროპის კავშირის თავმჯდომარემ.
„რეალისტი პუტინისათვის ეს სცენარი შორეული არ არის. ბრიუსელში ის შეეცადა აეხსნა, რომ მოსკოვს აინტერესებს ევროკავშირთან შეთანხმების სამომავლო ეკონომიკური შედეგები, და არა უკრაინის სუვერენიტეტზე მისი გავლენა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საკითხი, შესაძლოა, ექსპერტების დონეზე გადაწყდეს. კრემლის ტონის შეცვლა მოულოდნელი ჩანს. ვლადიმერ პუტინი, როგორ ჩანს, უკვე მზადაა ფურცლის გადასაშლელად“, - მიიჩნევს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები






